მიუნხენის „ბაიერნისა“ და გერმანიის ნაკრების ყოფილი მცველი ფილიპ ლამი მიუნხენის საპატიო მოქალაქედ აღიარეს. ამის შესახებ ყოფილმა ფეხბურთელმა საკუთარ „ტვიტერზე“ დაწერა.
მიუნხენი ლამის მშობლიური ქალაქია. ის გახდა პირველი სპორტსმენი ქალაქის ისტორიაში, ვინც მსგავსი პატივი დაიმსახურა.
„ძალიან ამაყი ვარ იმის გამო, რომ პირველი სპორტსმენი გავხდი ისტორიაში, ვინც ჩემი მშობლიური ქალაქის საპატიო მოქალაქედ აღიარეს. თითქმის მთელი ჩემი ცხოვრება მიუნხენში გავატარე და ბევრი უნიკალური მომენტიც განვიცადე. მადლობა მიუნხენს ასეთი დიდი პატივისთვის!“, – დაწერა ლამმა.
ფილიპ ლამმა კარიერა 2017 წლის მაისში დაასრულა. ის მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონია, ორჯერ იყო მუნდიალის ბრინჯაოს პრიზიორი და ევროპის ვიცე-ჩემპიონი (2008). მოგებული აქვს ჩემპიონთა ლიგა (2013), რვაჯერ გერმანიის ჩემპიონატი, ექვსჯერ – გერმანიის თასი. ბუნდესლიგაში 385 მატჩი ჩაატარა, გერმანიის ნაკრებში – 113.