ფილიპ ბრიდლავი - საქართველომ, უკრაინამ და მოლდოვამ მსოფლიოს ერთიანი გზავნილით უნდა მიმართონ
ფილიპ ბრიდლავი - საქართველომ, უკრაინამ და მოლდოვამ მსოფლიოს ერთიანი გზავნილით უნდა მიმართონ

საქართველომ, უკრაინამ და მოლდოვამ მსოფლიოს ერთიანი გზავნილით უნდა მიმართონ, – ეს განცხადება თბილისში მიმდინარე  საერთაშორისო კონფერენციაზე, ამერიკის შეერთებული შტატების შეიარაღებული ძალების ევროპის სარდლობის ყოფილმა მეთაურმა,  ფილიპ ბრიდლავმა გააკეთა.

მისივე თქმით, დასავლეთმა რუსეთის აგრესიის საპასუხოდ, ეკონომიკური სანქციების გარდა, სხვა ბერკეტებიც უნდა აამოქმედოს.

„რუსეთმა გამოიყენა სამხედრო ძალა, რათა შეეცვალა საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრები, მაშინ როდესაც მან წაიღო ყირიმი. რუსეთი ანალოგიურად მოიქცა დონბასში შეჭრის დროს, ამიტომ რუსეთს პასუხი უნდა ვაგებინოთ. ჩვენ არ შეგვიძლია უკან დაბრუნება და რუსეთთან ურთიერთობების ჩვეულ რეჟიმში დაბრუნება. თუმცა, ამავე დროს, რუსეთთან თანამშრომლობა აუცილებელია, ჩვენ არ გვინდა, ბრძოლა და მე მგონია, რომ არც რუსებს უნდათ ჩვენთან დაპირისპირება. რუსეთთან უნდა ვისაუბროთ, მაგრამ ამოსავალი წერტილი უნდა იყოს პრინციპი, რომ საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების შეცვლა მიუღებელია. რუსეთმა ეს გააკეთა საქართველოში და უკრაინაშიც“, – განაცხადა ამერიკის შეერთებული შტატების შეიარაღებული ძალების ევროპის სარდლობის ყოფილმა მეთაურმა.

მისი თქმით, რუსეთი თავდასხმისთვის ყველა საშუალებას იყენებს.

ამასთან, ფილიპ ბრიდლავი მიიჩნევს, რომ დიდ შედეგს მოიტანდა ყველა იმ ქვეყნის ერთიანი გზავნილი, რომელსაც რუსეთი თავს ესხმის.

„როდესაც რუსეთი თავს გესხმის, ის ყველა საშუალებას იყენებს. მოსკოვი გესხმის თავს დიპლომატიური გზებით, საინფორმაციო შეტევებით, სამხედრო გზით, იყენებს ენერგეტიკულ ბერკეტებს, რომ ეკონომიკურად დაგასუსტოს. დასავლეთი საპასუხოდ, მოსკოვის დასასჯელად, მხოლოდ ეკონომიკური სანქციებს იყენებს. დასავლეთში უნდა გაუსწორონ თვალი რეალობას და რუსეთს უფრო ფართო პასუხი უნდა გავცეთ. რუსეთისთვის წინააღმდეგობის გაწევის დროს ჩვენ დავკარგეთ კარგი შესაძლებლობა. ვსაუბრობ ურთიერთთანამშრომლობაზე. თუ ყველა ის ქვეყანა, რომელსაც თავს ესხმის რუსეთი ერთიანი გზავნილით მიმართავდა მსოფლიოს, ეს ძალიან დიდი შედეგს მოიტანდა. ხალხისთვის იოლია იმის თქმა, რომ არაფერი იცის საქართველოს შესახებ, ან არაფერი გაუგია უკრაინაზე ან მოლდოვაზე, მაგრამ თუ შევძლებთ, რუსეთის მხრიდან აგრესიის მსხვერპლი ქვეყნების ერთიანი გზავნილის ჩამოყალიბებას, მაშინ აშშ-ის მოქალაქეებისთვის ეს უფრო გასაგები იქნებოდა“, – განაცხადა ფილიპ ბრიდლავმა.