ფიჯის მორაგბეთა ნაკრების სამმა წევრმა კორონავირუსის ტესტზე დადებითი პასუხი მიიღო
ფიჯის მორაგბეთა ნაკრების სამმა წევრმა კორონავირუსის ტესტზე დადებითი პასუხი მიიღო

ფიჯის მორაგბეთა ნაკრების სამმა მორაგბემ კორონავირუსის ტესტზე დადებითი პასუხი მიიღო – ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ (Reuters) ავრცელებს. „მფრინავი ფიჯელები“ საფრანგეთში იმყოფებიან და „შემოდგომის ერთა თასისთვის“ (რვა ერი) ემზადებიან.

როგორც ფიჯის რაგბის კავშირის პრეზიდენტმა ჯონ ო’კონორმა ადგილობრივ მაუწყებელთან განაცხადა, ინფიცირებული მორაგბეები, რომელთა ვინაობაც ჯერჯერობით არ სახელდება, დანარჩენი გუნდისგან იზოლირებულნი არიან და ამ ეტაპზე შეკრებას საფრთხე არ ემუქრება. წყაროს ცნობით, ინფიცირებულთაგან სიმპტომები არც ერთს არ ჰქონია.

ფიჯელთა სრულმა შემადგენლობამ საფრანგეთში ჩასვლისთანავე ჩაიტარა ტესტი და მას შემდეგ კვირაში ორჯერ გადის ანალოგიურ პროცედურას.

ფიჯის მორაგბეთა ნაკრები გასახურებელ შეხვედრას პორტუგალიის წინააღმდეგ გამართავს, 15 ნოემბერს კი „შემოდგომის ერთა თასის“ ფარგლებში საფრანგეთს დაუპირისპირდება. ისინი 21 ნოემბერს იტალიასთან ითამაშებენ და ტურნირის ჯგუფურ ეტაპს 28 ნოემბერს, შოტლანდიასთან მატჩით დაასრულებენ.