ფიფა-ს პრეზიდენტმა უარყო ევროპის პრემიერლიგის ორგანიზების გეგმა
ფიფა-ს პრეზიდენტმა უარყო ევროპის პრემიერლიგის ორგანიზების გეგმა

ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტმა ჯანი ინფანტინომ უარყო ჭორები იმის შესახებ, რომ განიხილება ევროპის პრემიერლიგის ორგანიზება.

შეგახსნებთ, რომ ბრიტანულ პრესაში დაიწერა ევროპის სუპერკლუბებისა და ფიფას ერთობლივ პროექტზე – კერძოდ, 18 გუნდი შექმნის ლიგას, რომელიც კონკურენციას გაუწევს უეფას ჩემპიონთა ლიგას.

„როგორც ფიფას პრეზიდენტს, მე მაინტერესებს კლუბებს შორის მსოფლიოს ჩემპიონატი და არა სუპერლიგა. ჩემთვის პრიორიტეტულია არა „ბაიერნსა” და „ლივერპულს“ შორის მატჩი, არამედ შეხვედრა „ბაიერნსა“ და „ბოკა ხუნიორსს“ შორის. „ლივერპულს” 180 მილიონი გულშემატკივარი ჰყავს მთელს მსოფლიოში. აქედან ხუთი მილიონია ინგლისში და 175 მილიონი მსოფლიოში. და პირიქით, „ფლამენგოს“ 40 მილიონი ფანი ჰყავს, მათგან 39 მილიონი ბრაზილიიდანაა“, – განაცხადა ინფანტინომ.

კლუბებს შორის მსოფლიოს ჩემპიონატი ახალი ფორმატით წელს, ჩინეთში 17 ივნისიდან 4 ივლისამდე უნდა გამართულიყო, მაგრამ კორონავირუსის პანდემიის გამო გაურკვეველი ვადით გადაიტანეს.