ფიფა საკონტინენტთაშორისო თასს აბრუნებს - რა უნდა ვიცოდეთ აღორძინებულ ტურნირზე #1TVSPORT
ცნობილია, რომ ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციამ (ფიფა) გადაწყვიტა, 2025 წლიდან მოყოლებული, ოთხ წელიწადში ერთხელ ჩაატაროს კლუბებს შორის მსოფლიო ჩემპიონატი. ამასთან, ფიფა-ს არ უთქვამს უარი, ყოველ წელს გამოავლინოს მსოფლიოს საუკეთესო კლუბი. ამისთვის ის აპირებს ახალი ტურნირის – ინტერკონტინენტალური თასის ჩატარებას.
ეს ტურნირი ყოველ წელს გაიმართება, მაგრამ მისი ფორმატი განსხვავებული იქნება კლუბებს შორის ძველი ჩემპიონატისგან, რომელიც ერთ ქვეყანაში იმართებოდა. ამჯერად ინტერკონტინენტალური თასი სამ ეტაპად იქნება გაყოფილი.
პირველ ეტაპზე (A ეტაპი) ითამაშებენ აფრიკის, აზიისა და ოკეანეთის ჩემპიონთა ლიგების გამარჯვებულები. ისინი ერთმანეთში ორ სტადიად გაარკვევენ ურთიერთობას: პირველ სტადიაზე ოკეანეთის წარმომადგენელი შეხვდება აფრიკის ან აზიის წარმომადგენელს (ამ მატჩის მონაწილე გაირკვევა წილისყრის მიხედვით) და მოგებული მეორე სტადიაზე შეხვდება იმ გუნდს, რომელიც პირველ სტადიაზე თავისუფალი იყო.
მეორე ეტაპზე (B ეტაპი) ერთმანეთს შეხვდებიან კონკაკაფის (ჩრდილოეთ და ცენტრალური ამერიკა) და კონმებოლის (სამხრეთ ამერიკა) საუკეთესო გუნდები. A და B ეტაპები გაიმართება შესაბამისი კონფედერაციების მოედნებზე, ოღონდ ვინ იქნება მატჩების მასპინძელი, წილისყრის შედეგად გაირკვევა.
მესამე ეტაპი იქნება პლეი ოფი. ნახევარფინალში ერთმანეთს შეხვდებიან A და B ეტაპების გამარჯვებულები და ამ მატჩში მოგებული ფინალში დაუპირისპირდება უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულს.
პირველი და მეორე ეტაპის მატჩების თარიღები ჯერ უცნობია. სამაგიეროდ, ცნობილია, როდის გაიმართება პლეი ოფის შეხვედრები. A და B ეტაპების გამარჯვებულების მატჩი 14 დეკემბერს გაიმართება, ფინალი – 18 დეკემბერს. ეს მატჩები ნეიტრალურ მინდორზე ჩატარდება.
ამ მომენტისთვის ცნობილია ინტერკონტინენტალური თასის ექვსიდან ხუთი მონაწილე:
ევროპა – რეალი (ესპანეთი)
კონკაკაფი – პაჩუკა (მექსიკა)
აზია – ალ-აინი (საამიროები)
აფრიკა – ალ აჰლი (ეგვიპტე)
ოკეანეთი – ოკლენდი (ზელანდია)
კიდევ ერთი მონაწილე 30 ნოემბერს გაირკვევა, როცა კოპა ლიბერტადორესის ფინალი გაიმართება.