ფიფა-ს პრეზიდენტის არჩევნების წინ უეფა შესაძლო ზეწოლის ფაქტზე დამოუკიდებელ გამოძიებას ითხოვს #1TVSPORT
ევროპული ფეხბურთის მმართველმა ორგანომ (უეფა) დამოუკიდებელი გამოძიების ჩატარება მოითხოვა გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომლის თანახმადაც, ფიფა-ს მაღალჩინოსანი ნიდერლანდების ფეხბურთის ფედერაციაზე ზეწოლას ახორციელებდა, რათა საპრეზიდენტო არჩევნებში ჯანი ინფანტინოსთვის მხარდაჭერა გამოეცხადებინა.
ნიდერლანდების ფეხბურთის ფედერაციის გენერალური მდივნის, გეის დე იონგის განცხადებით, მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე ფიფა-ს ეროვნულ ასოციაციებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ელხან მამედოვი მას ერთი დღის განმავლობაში ტელეფონით სამჯერ დაუკავშირდა, მოგვიანებით კი წერილობითი შეტყობინებაც გაუგზავნა.
დე იონგის თქმით, ფიფა-ს წარმომადგენლები დაჟინებით ითხოვდნენ ინფანტინოსთვის საჯაროდ მხარდაჭერის გამოცხადებას. ნიდერლანდების ფეხბურთის ფედერაციის გენერალური მდივანი მიიჩნევს, რომ ორგანიზაციის თანამშრომლების საარჩევნო პროცესში მსგავსი ფორმით ჩარევა დაუშვებელია.
უეფა-ს განცხადებით, ანალოგიური ზეწოლის შესახებ შეშფოთება სხვა ეროვნულმა ფედერაციებმაც გამოთქვეს, რის გამოც ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანო შესაბამის უწყებებს საფუძვლიანი, მიუკერძოებელი და დამოუკიდებელი გამოძიების ჩატარებისკენ მოუწოდებს.
თავის მხრივ, ფიფა ბრალდებებს კატეგორიულად უარყოფს. ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ ეროვნულ ასოციაციებთან ურთიერთობის დეპარტამენტს წევრ ფედერაციებთან რეგულარული კომუნიკაცია აქვს, თუმცა მათ მიერ გადაწყვეტილების მიღების პროცესში არ ერევა.
ფიფა-ს პრეზიდენტის არჩევნები 2027 წელს გაიმართება. ჯანი ინფანტინოს კონკურენტები საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ფილიპ დიალო და იაპონიის ფეხბურთის ასოციაციის საპატიო პრეზიდენტი კოზო ტაშიმა იქნებიან.