FIBA ზურაბ საკანდელიძეს კალათბურთის ისტორიის დიდების დარბაზში შეიყვანს #1TVSPORT
FIBA ზურაბ საკანდელიძეს კალათბურთის ისტორიის დიდების დარბაზში შეიყვანს #1TVSPORT

FIBA-ს გადაწყვეტილებით, მსოფლიო კალათბურთის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისა და სპორტული მიღწევების გამო ლეგენდარულ ქართველ კალათბურთელს, ზურაბ საკანდელიძეს FIBA-ს კალათბურთის დიდების დარბაზში შეიყვანენ.

იგი არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ტიტულოვანი კალათბურთელია: მოგებული აქვს 1972 წლის მიუნხენის ოლიმპიადა, 1967 წლის მსოფლიო ჩემპიონატი, ხოლო ევროპის ჩემპიონის ოქროს მედალს ოთხჯერ დაეუფლა (1965, 1967, 1969, 1971).

FIBA-ს დიდების დარბაზში ახალი წევრების შეყვანის ოფიციალური ცერემონია მსოფლიო ჩემპიონატის მსვლელობისას გაიმართება.

ასე იხსენებდა თავისზე 9 წლით უმცროს ზურაბს „დინამოს“ კიდევ ერთი ლეგენდარული გამთამაშებელი გურამ მინაშვილი:

„ზურაბ საკანდელიძე მოედანზე რას წარმოადგენდა, ქართველ გულშემატკივარს კარგად მოეხსენება. კარიერის დასაწყისშივე იოლად დაიმკვიდრა ადგილი „დინამოს“ ძირითად შემადგენლობაში. უკანა ხაზში მე და ზურა ვთამაშობდით. მის მონაცემებს საუკეთესოდ ვიყენებდი:

მოგეხსენებათ, თბილისელები საბჭოთა კავშირში ყოველთვის ელვისებური იერიშებით გამოვირჩეოდით. მატჩში საერთო ქულების 20-30 პროცენტი პირველ შეტევაზე მოდიოდა. ჩვენს გუნდში რეაქტიული საკანდელიძის გამოჩენის შემდეგ მოწინააღმდეგეებს საქმე კიდევ უფრო გაურთულდათ. თუ სხვა თანაგუნდელს საკუთარი ნახევრიდან პასს პირდაპირ ხელში ვაძლევდი, ზურიკოს ორი მეტრით წინ ვაწვდიდი, რადგან მისი სისწრაფე გარანტია იყო იმისა, რომ ბურთს აუცილებლად დაიჭერდა. თამამად შემიძლია ვთქვა, საკანდელიძე იყო ყველაზე სწრაფი კალათბურთელი, რომელსაც ჩემს გვერდში უთამაშია“.