ფიბა-ს ევროთასზე თსუ „გიოტინგენთან“ დაძაბულ ბრძოლაში დამარცხდა #1TVSPORT
ფიბა-ს ევროთასზე თსუ „გიოტინგენთან“ დაძაბულ ბრძოლაში დამარცხდა #1TVSPORT

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის (თსუ) საკალათბურთო კლუბმა ფიბა-ს ევროთასის გათამაშების პირველი შეხვედრა გერმანიაში „გიოტინგენთან“  81:86 წააგო.

თსუ-მ შეხვედრა აქტიურად დაიწყო, პირველი მეოთხედი ქართველმა კალათბურთელებმა რვაქულიანი უპირატესობით მოიგეს – 20:12.

მასპინძლებმა მეორე მეოთხედში თამაში გამოასწორეს, ჩამორჩენის აღმოფხვრა მოახერხეს, მეოთხედი 15 ქულით მოიგეს და პირველი ტაიმიც მათ სასარგებლოდ დასრულდა – 40:33.

ლექსო ლაფანაშვილის გაწვრთნილებმა მესამე მეოთხედი ოთხი ქულით მოიგეს და გადამწყვეტი მეოთხედის წინ გერმანელებს მხოლოდ სამქულიანი უპირატესობა ჰქონდათ – 61:58.

დასკვნითი მეოთხედი გარდამავალი უპირატესობით წარიმართა, მატჩის დასრულებამდე 2:28 წუთით ადრე ალექსანდრე ფევაძემ ზუსტი სამქულიანით თსუ 78:75 დააწინაურა, მაგრამ მეტოქემ შეძლო ჯერ წონასწორობის აღდგენა, შემდეგ კი წინ გასვლაც.

დაძაბული გამოდგა მატჩის ბოლო წამები: შეხვედრის დასრულებამდე დაახლოებით 12 წამით ადრე თსუ ოთხი ქულით აგებდა, გუნდის ამერიკელმა ლეგიონერმა, ტაირი ბოიკინმა სამქულიანი ჩააგდო და თან ბონუს საჯარიმოს სროლის უფლებაც მოიპოვა, მაგრამ სამწუხაროდ ააცილა, საპასუხო შეტევა კი გერმანელებმა შედეგიანად დაასრულეს და საბოლოოდ, 86:81 გაიმარჯვეს.

თსუ-ს შემადგენლობაში ორმაგი დუბლი შეასრულა კახაბერ ჯინჭარაძემ (14 ქულა, 11 მოხსნა, 6 პასი), 19 ქულა, 6 მოხსნა და 8 პასი ჰქონდა ტაირი ბოიკინს, ხოლო 18 ქულა და 4 მოხსნა ალექსანდრე ფევაძეს.

ჩვენი ჯგუფის მეორე შეხვედრაში იტალიურმა „ვარეზემ“ 15 ქულით (95:80) დაამარცხა კვიპროსის „კერავნოსი“.

თსუ მომდევნი შეხვედრას 25 ოქტომბერს თბილისში  „კერავნოსის“ წინააღმდეგ ჩაატარებს.