Financial Times - ბრიუსელი ევროკავშირის პოლიტიკურ პარტიებს ამომრჩევლის პერსონალური მონაცემებით მანიპულირების შემთხვევაში, ჯარიმებს დააკისრებს
Financial Times - ბრიუსელი ევროკავშირის პოლიტიკურ პარტიებს ამომრჩევლის პერსონალური მონაცემებით მანიპულირების შემთხვევაში, ჯარიმებს დააკისრებს

ევროკომისია მუშაობს კანონმდებლობაზე, რომელიც ევროგაერთიანების ფარგლებში მოქმედ პოლიტიკურ პარტიებს წინასაარჩვენო კამპანიებში პერსონალური მონაცემების ბოროტად გამოყენების შემთხვევაში, მაღალ ჯარიმებს დააკისრებს.

ბრიუსელი ამ გზით ცდილობს, ევროპარლამენტის მომავალ წელს დაგეგმილ არჩევნებში არ დაუშვას ისეთი სკანდალი, რომელსაც ამერიკის შეერთებული შტატების ბოლო საპრეზიდენტო არჩევნებში ჰქონდა ადგილი. ინფორმაციას ბრიტანული გამოცემა Financial Times-ი ავრცელებს.

როგორც ცნობილია, 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ბრიტანულმა საკონსულტაციო-ანალიტიკურმა კომპანია Cambridge Analytica-მ, რომელიც აშშ-ის ამჟამინდელი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის საარჩევნო კამპანიაში იყო ჩართული, არჩევნებზე ზეგავლენის მოხდენის მიზნით, უკანონოდ გამოიყენა სოციალურ ქსელ Facebook-ის მილიონობით მომხმარებლის ანგარიში.

გამოცემის მიხედვით, ევროკავშირი უკვე მუშაობს საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტზე, რომელიც არჩევნებზე ზეგავლენის მიზნით, ამომრჩეველთა პირადი მონაცემების გამოყენების პრევენციას მოახდენს. ცვლილებათა პაკეტი მომავალ თვეში გამოქვეყნდება და პოლიტიკური პარტიების დაფინანსების მარეგულირებელ კანონმდებლობას შეეხება.

მოცემულ ეტაპზე პაკეტი ჯერ კიდევ დამუშავების ეტაპზეა, მაგრამ უკვე ცნობილია, რომ ამომრჩეველთა პირადი მონაცემების ბოროტად გამოყენების შემთხვევაში, ბრიუსელი პარტიებს მათი წლიური ბიუჯეტის 5 პროცენტის ექვივალენტი თანხით დააჯარიმებს.

აღნიშნული ცვლილებები ბრიუსელის პირველი მცდელობაა პოლიტიკური პარტიების მიერ პერსონალური ინფორმაციის შეგროვება გააკონტროლოს. მოცემულ მომენტში ევროკომისიას არ აქვს უფლება, მისი წევრი ქვეყნების შიგნით მოქმედი პოლიტიკური პარტიები პირდაპირ დააჯარიმოს.

ახალი რეგულაციები რომ ძალაში შევიდეს, მას ევროკავშირის წევრი ქვეყნების მთავრობათა და ევროპარლამენტის თანხმობა სჭირდება.

Fianancial Times-ის ანონიმური წყაროს მიხედვით, ეს ნაბიჯი ევროკავშირის ფარგლებში Cambridge Analytica-ს მსგავსი სკანდალის პრევენციისკენ არის მიმართული.

მომავალი წლის მაისში ევროპარლამენტის არჩევნებია დაგეგმილი. ბრიუსელი შიშობს, რომ საარჩევნო კამპანია ევროსკეპტიკოსების მხრიდან დახვეწილი დეზინფორმაციული შეტევის სამიზნე იქნება. მნიშვნელოვანი რისკის ჯგუფს ქმნიან ის ამომრჩევლები, რომლებიც ხმის მიცემას ინტერნეტით აპირებენ. ამიტომ ცვლილებათა პაკეტის დიდი ნაწილი სწორედ ონლაინ ამომრჩევლების პირადი მონაცემებით მანიპულირების დაბლოკვას ისახავს მიზნად.

ბრიუსელი სამთავრობო რეკომენდაციების გაცემასაც აპირებს, რომელიც ევროკავშირის წევრ ქვეყნებს დააკვალიანებს, თუ როგორ დააზღვიონ სოციალური ქსელების მომხმარებელი პოლიტიკური პარტიების მხრიდან დაგზავნილი რეკლამის შინაარსის შემცველი გზავნილებისგან.
გარდა ამისა, ბრიუსელი ევროკავშირის წევრ ქვეყნებს მათ ადგილობრივ კანონმდებლობაში პოლიტიკური რეკლამის გამჭვირვალობის რეგულირების გამკაცრებასაც მოსთხოვოს.