ფეთჰულა გიულენთან კავშირის ბრალდებით, თურქეთში 78 ადამიანის დაკავების ორდერი გაიცა
ფეთჰულა გიულენთან კავშირის ბრალდებით, თურქეთში 78 ადამიანის დაკავების ორდერი გაიცა

ფეთჰულა გიულენთან კავშირის ბრალდებით, თურქეთში 78 ადამიანის დაკავების ორდერი გაიცა. თურქული მედიის ინფორმაციით, იზმირის პროვინციის პოლიციამ თურქეთის შეიარაღებულ ძალებში „ფეტოს“ წევრების შეღწევის აღსაკვეთად სპეცოპერაცია 28 ქალაქში ჩაატარა.

გავრცელებული ცნობით, 66 ეჭვმიტანილს, სავარაუდოდ, ე.წ. „ფარულ იმამებთან“ ჰქონდა კონტაქტი. 53 ბრალდებული სპეცოპერაციის დროს დააკავეს, მათგან 48 მოქმედი სამხედროა.

თურქეთის დედაქალაქ ანკარაში დაკავების ორდერი 12 მასწავლებელზე გაიცა, მათგან რვა მოქმედი მასწავლებელია. თურქეთის ხელისუფლების ინფორმაციით, ეჭვმიტანილებს გიულენის ფარულ ორგანიზაციასთან კონტაქტი ჰქონდათ და დაჯგუფების სასარგებლოდ სხვადასხვა ადამიანის რეკრუტირებას ცდილობდნენ. ცხრა ეჭვმიტანილი სამართალდამცველებმა უკვე დააკავეს.

თურქეთის მთავრობა 2016 წლის სამხედრო გადატრიალების მცდელობის ორგანიზებაში სწორედ ფეთჰულა გიულენს სდებს ბრალს, რომელიც აშშ-ში ცხოვრობს. თავად გიულენი ბრალდებებს უარყოფს.