ფესტივალმა „ღამის სერენადები“ თბილისში გადმოინაცვლა
ფესტივალმა „ღამის სერენადები“ თბილისში გადმოინაცვლა

ფესტივალმა „ღამის სერენადები“ ბათუმიდან დედაქალაქში გადმოინაცვლა. ბათუმი-თბილისის რიგით მეათე საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის დიდ დარბაზში მსმენელის წინაშე კამერული ორკესტრი „საქართველოს ვირტუოზები“ წარსდგა.

კონცერტზე ასევე შესრულდა იოსებ ბარდანაშვილის „სერენადა“ ვიოლინოსა და სიმებიანისთვის, რომელიც კომპოზიტორის 70 წლის იუბილეს მიეძღვნა.

ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს პარლამენტის წევრი მარიამ ჯაში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, ასევე იაპონიის, ბრაზილიისა და ისრაელის ელჩები.

ფესტივალი 22 აგვისტოს ბათუმში გაიხსნა და 4 სექტემბერს დედაქალაქში დაიხურება. დასკვნით კონცერტს კვლავ კონსერვატორიის დიდი საკონცერტო დარბაზი უმასპინძლებს.

ფესტივალი „ღამის სერენადები“ 1982 წელს ქართველი მევიოლინისა და დირიჟორის, ლიანა ისაკაძის ინიციატივით აფხაზეთში დაარსდა. 1991 წელს ფესტივალმა არსებობა შეწყვიტა, აღდგენა კი მხოლოდ 18 წლის შემდეგ, 2009 წელს ბათუმში გახდა შესაძლებელი. ფესტივალის უცვლელი სამხატვრო ხელმძღვანელი ლიანა ისაკაძეა. თუმცა, წელს მხატვრულ მხარეს, მასთან ერთად, მისი ძმისშვილი, გერმანიაში მოღვაწე მუსიკოსი გიორგი ისაკაძეც ხელმძღვანელობს.