ფესტივალი „სვანეთობა 2018“ მესტიაში დღეს „ფუძეობას“ მასპინძლობს
ფესტივალი „სვანეთობა 2018“ მესტიაში დღეს „ფუძეობას“ მასპინძლობს

ფესტივალი „სვანეთობა 2018“ დღეს მესტიაში რეგიონალურ ფოლკლორულ ფესტივალ „ფუძეობას“  უმასპინძლებს. ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ, როგორც ადგილობრივი ფოლკლორის წარმომადგენლები, ასევე პოპულარული ქართველი შემსრულებლები. ფესტივალის ფარგლებში ფოლკლორის სფეროში მოღვაწე ადამიანებს პრიზებით დააჯილდოებენ.

ამასთან, 14:00 საათზე, „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით გაიხსნება სამეწარმეო მარკეტი, რომელშიც 30 მეწარმე მიიღებს მონაწილეობას. გამოფენა-გაყიდვაზე წარმოდგენილი იქნება საქართველოში დამზადებული პროდუქციის მრავალი სახეობა – ტექსტილი, აქსესუარები, საკონდიტრო, თუ სასურსათო ნაწარმი, ალკოჰოლური სასმელები, ჩაი, ჩირი, და სხვა. ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ, როგორც საააგენტოს „აწარმოე საქართველოში“, ისე სხვა სახელმწიფო სტარტაპპროგრამების ბენეფიციარები.

ფესტივალის ფარგლებში მოხდება ტრადიციული სვანური სამზარეულოსა და ხალხური რეწვის ნიმუშების გამოფენა. ადგილობრივ მოსახლეობას, ჩამოსულ ქართველ თუ უცხოელ სტუმრებს, შესაძლებლობა ექნებათ ფესტივალის მიმდინარეობის დროს მესტიის მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ერთეულების პავილიონებთან დააგემოვნონ სვანური ტრადიციული სამზარეულო, ასევე დაათვალიერონ პავილიონებში წარმოდგენილი ხალხური რეწვის ოსტატების ნამუშევრები.

ფესტივალის დასკვნით ეტაპზე #CHECKINGEORGIA წარმოადგენს გალა-კონცერტს ჯგუფ „ეგარის“ და ჯგუფ „რეგიონის“ მონაწილეობით.

ფესტივალი მესტიის მუნიციპალიტეტის მერიისა და საქართველოს ტურიზმის ეროვნული ცენტრის, პროექტ CHECK IN GEORGIA-ს მხარდაჭერით ხორციელდება.