„ფერნერბახჩე“ „ოლიმპიაკოსთან“ საკუთარ მოედანზე დამარცხდა
„ფერნერბახჩე“ „ოლიმპიაკოსთან“ საკუთარ მოედანზე დამარცხდა

საკალათბურთო ევროლიგის გათამაშების მიმდინარე სეზონში მესამე მარცხი განიცადა სტამბოლის „ფენერბახჩემ“. ტურნირის მოქმედმა ჩემპიონმა, საკუთარ მოედანზე, პირეოსის „ოლიმპიაკოსთან” დამატებით დროში წააგო.

თამაში გარდამავალი უპირატესობით წარიმართა. ბოლო მეოთხედის წინ სტუმრები 4 ქულის სხვაობით ლიდერობდნენ. მატჩის დასრულებამდე 8 წამით ადრე „ფენერბახჩე“ 73-75 მარცხდებოდა, როდესაც იან ვესელიმ ორივე საჯარიმო ტყორცნა ზუსტად გამოიყენა და შეხვედრა ოვერტაიმში გადაიყვანა.

დამატებით დროში, კი „ოლიმპიაკოსის“ კალათბურთელები გაცილებით უკეთ გამოიყურებოდნენ. გეორგიოს პრინტეზისის და იანის სტრელნიეკსის რამდენი ზუსტი სროლით, სტუმრებმა საბოლოოდ 90-83 მოიგეს და დღევანდელ მეტოქეს სატურნირო ცხრილში გადაასწრეს. “ოლიმპიაკოსმა“მეორე ადგილზე გადაინაცვლა.

იანის სფეროპულოსის გუნდში, 21 ქულით, ბრაიან რობერტსი გახლდათ საუკეთესო. გეორგიოს პრინტეზისის ანგარიშზე, 18 ქულა და 7 მოხსნაა.

„ოლიმპიაკოსი“ შემდეგ ტურში ბელგრადის „ცრვენა ზვეზდას“ უმასპინძლებს. სერბულმა კლუბმა, დღეს საკუთარ დარბაზში, მოსკოვის „ცსკას“-თან დიდი სხვაობით, 59-85 წააგო.