„მაკლარენმა“ დაადასტურა შეთანხმება „რენოს“ პილოტ კარლოს საინსთან. 2019 წელს ესპანელი ბრიტანულ საჯინიბოში იქნება ფერნანდო ალონსოს ნაცვლად, რომელმაც კარიერის დასრულების შესახებ გამოაცხადა.
„უზომოდ მიხარია, რომ 2019 წელს „მაკლარენის“ პილოტი ვიქნები. ძალიან აღელვებული ვარ კარიერაში მორიგი სტარტის წინ. ყოველთვის ვიყავი „მაკლარენის“ გულშემატკივარი. ეს უდიდესი სახელია ავტოსპორტში. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მე დავიკავებ ალონსოს ადგილს. მინდა, მადლობა გადავუხადო ყველას იმისთვის, რომ ბავშვობის ოცნება ამისრულეს. იმედი მაქვს, დიდ წვლილს შევიტან „მაკლარენის“ ელიტაში დაბრუნებისთვის“, – აღნიშნა საინსმა.
საინსს კონტრაქტი ჰქონდა „რედ ბულთან“, რომელიც 2019 წლისთვის დაკარგავს დანიელ რიკარდოს, რომელიც, თავის მხრივ, „რენოში“ გააგრძელებს კარიერას. ავსტრიული საჯინიბო, რიკარდოს ნაცვლად, პიერ გასლის მიიწვევს „ტორო როსოდან“. კიდევ ერთი ვარიანტია – „ფორს ინდიას“ პილოტი ესტებან ოკონი.