ფერმათა და ფერმერთა რეგისტრაციის პროექტით 9500-ზე მეტმა ფერმერმა ისარგებლა
ფერმათა და ფერმერთა რეგისტრაციის პროექტით 9500-ზე მეტმა ფერმერმა ისარგებლა

ფერმათა და ფერმერთა რეგისტრაციის პროექტით, რომელიც 8 აგვისტოს დაიწყო, 9500-ზე მეტმა ფერმერმა ისარგებლა, – ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო ავრცელებს.

​ფერმათა და ფერმერთა რეგისტრაციის პროექტის ფარგლებში, საქართველოს მასშტაბით, სასოფლო-სამეურნეო საქმიანობით დაკავებულ პირთა აღრიცხვაა დაგეგმილი.

„პროექტის მიხედვით, ფერმათა და ფერმერთა აღრიცხვა შექმნის მნიშვნელოვან საინფორმაციო ბაზას; გააჩენს შესაძლებლობას, მიზნობრივი, ფერმერთა საჭიროებებზე მორგებული სახელმწიფო პროექტის/პროგრამის შექმნისა და ეფექტიანი განხორციელებისთვის სამიზნე ჯგუფები სწორად იქნას შერჩეული.
პროექტი 8 აგვისტოს დაიწყო და დღემდე ბაზაში 9 500-ზე მეტი ფერმერია დარეგისტრირებული.

პროექტის ბიუჯეტი 1 300 000 ლარს შეადგენს და მისი პირველი ეტაპის დასრულება 2018 წლის ბოლოსთვის იგეგმება.

აღნიშნული პროექტი თანხვედრაშია ევროპის სამეზობლო პროგრამა სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარებისათვის” (ENPARD II-ის) შეთანხმებით გათვალისწინებული ერთ-ერთი ვალდებულების შესრულებასთან. აღნიშნული ვალდებულება ითვალისწინებს საქართველოს მასშტაბით, არაუგვიანეს 2018 წლისა, ფერმათა/ფერმერთა რეესტრში 100 000-მდე ფერმის/ფერმერის რეგისტრაციას.

ფერმათა/ფერმერთა რეგისტრაციის პროექტის განხორციელების მიზნით, სააგენტოსთვის პირველადი ინფორმაციის მიწოდება უზრუნველყვეს სახელმწიფო სააგენტოებმა და ორგანიზაციებმა, რომლებსაც აქვთ სხვადასხვა სახის ბაზები. მოძიებული პირველადი ინფორმაციის საფუძველზე, სააგენტო ახორციელებს ფერმათა/ფერმერთა რეესტრში დასარეგისტრირებელი პირების იდენტიფიცირებასა და კლასიფიკაციას.

მიღებული ინფორმაციის გადამოწმება, დაზუსტება და შემოდგომ დადასტურება განხორციელდება სააგენტოს მიერ, სატელეფონო გამოკითხვის გზით.

პირველ ეტაპზე, ფერმათა/ფერმერთა რეესტრში დასარეგისტრირებლად დაკავშირება ხდება მხოლოდ ისეთ პირებთან, რომელთაც რეგისტრირებულ საკუთრებაში/სარგებლობაში გააჩნიათ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთ(ებ)ი, რომელთა ჯამური ფართობი შეადგენს არანაკლებ 0,25 ჰა-ს და ამავდროულად არიან სახელმწიფოს მიერ განხორციელებული რომელიმე სასოფლო-სამეურნეო პროექტის/პროგრამის ბენეფიციარები ან სარგებლობენ სახელმწიფოს მიერ შეთავაზებული რომელიმე სასოფლო-სამეურნეო მომსახურებით“, – აღნიშნულია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს ინფორმაციაში.