წარმატებულ თამაშს განაგრძობს ევროლიგის მოქმედი ჩემპიონი. 28-ე ტურის შეხვედრაში, „ფენერბახჩემ“ სტუმრად, „ცრვენა ზვეზდა“ დამაჯერებლად დაამარცხა. ალექსანდარ ნიკოლიჩის სახელობის დარბაზში გამართული მატჩი სტუმრების აშკარა უპირატესობით აღინიშნა და ბოლო მეოთხედის წინ, თამაშს ინტრიგა დაკარგული ჰქონდა.
სამი პერიოდის შემდეგ სტამბოლური კლუბი 24 ქულას იგებდა. საბოლოოდ, „ფენერმა“ 80-63 გაიმარჯვა და რეგულარული სეზონის დასრულებამდე ორი ტურით ადრე, მეორე ადგილი თითქმის გაინაღდა.
დღევანდელ მატჩში, „ფენერბახჩეს“ ალი მუჰამედმა ულიდერა, რომლის ანგარიშზეც 25 ქულა დაფიქსირდა. ბელგრადელთა შორის საუკეთესო მაჩვენებელი დეიან დავიდოვაცს ჰქონდა. სერბი ფორვარდის მონაგარმა, 18 ქულა შეადგინა. „ცრვენა ზვეზდას“ პლეი-ოფში მოხვედრის თეორიული შანსიც დაკარგული აქვს.