ფეხბურთის კვირეული მასტერლიგის მატჩით დასრულდა

15:25, 01.10.2019
მასობრივი ფეხბურთის კვირეულის ფარგლებში 7×7 მასტერ ლიგის გათამაშების საჩვენებელი მატჩით დასრულდა. „მზიურის“ მინი საფეხბურთო მოედანზე ერთმანეთს „მასტერლიგის“ გამორჩეული მოთამაშეებისგან დაკომპლექტებული თბილისისა და რეგიონების შვიდეულები დაუპირისპირდნენ.
 
მატჩში საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი, ვიცე-პრეზიდენტი ნიკა ჯღარკავა და საქართველოს ნაკრების ვეტერანი ფეხბურთელები მონაწილეობდნენ. თბილისის შვიდეულმა მეტოქე 11:9 დაამარცხა.
„დღევანდელი ღონისძიებით მასობრივი ფეხბურთის კვირეული დასრულდა. ზოგადად ძალიან დატვირთული კვირა გამოგვივიდა და ვფიქრობ, დღესაც ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიება გვაქვს. მასტერლიგა ჩვენი ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პროექტია, რომელიც, დარწმუნებული ვარ, მომავალში კიდევ უფრო დიდ მასშტაბებს შეიძენს. საწყის ეტაპზე ტურნირი მხოლოდ თბილისში გაიმართა, მაგრამ ფაქტობრივად მთელი საქართველო მოიცვა და ტურნირი თითქმის ყველა რეგიონში ჩატარდა. ძალიან სასიამოვნოა, რომ მასტერლიგაში ყოფილი ფეხბურთელებიც აქტიურად მონაწილეობენ. ჩვენ ყოველთვის მხარს დავუჭერთ მსგავს პროექტებს, რადგან სწორედ ეს არის მასობრიობა და ფეხბურთში ჩართულობა, რაც ჩვენ გვაკლია და, რაც მთავარია, განვითარებისთვის ძალიან გვჭირდება“ – ამბობს სფფ-ის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი.
ნიკა ჯღარკავა, სფფ-ის ვიცე-პრეზიდენტი: „მასობრივი ფეხბურთის კვირეული გოგონათა ერთდღიანი ფესტივალით დავიწყეთ, ამას მოჰყვა სოფლის მოედნების რეაბილიტაციის მოედნების პროექტი „ფეხბურთი სკოლებში“ და სფფ-ის სხვა პროექტები, რომლებიც უკვე მესამე წელია, წარმატებით ხორციელდება. მასტერლიგა ჩვენი ყველაზე ახალი პროექტია და უკვე დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ მან არა მარტო თბილისში, არამედ მთელს საქართველოში გაამართლა და ექვსი თვეა, რაც წარმატებით ხორციელდება“.

მსგავსი