„საბურთალოსა“ და „არარატ-არმენიას“ შორის გუშინდელი მატჩის შედეგს რამდენიმე საზოგადოებისთვის ცნობილი პიროვნება, მათ შორის პოლიტიკოსებიც გამოეხმაურნენ. საკუთარი მოსაზრებები გამოთქვეს ალექსანდრე ელისაშვილმა და ანა დოლიძემაც, რომელთა მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოზიციებს დღეს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი, ნიკა ჯღარკავა გამოეხმაურა.
„საბურთალოს“ გუშინდელი თამაშის შემდეგ, ბევრი მოსაზრება წავიკითხე ზოგადად ფეხბურთის შესახებ საქართველოში, თუმცა, მათ შორის, ყველაზე მეტად მინდა ალეკო ელისაშვილისა და ანა დოლიძის განცხადებებს გამოვეხმაურო.
ალექსანდრე ელისაშვილი / Alexander Elisashvili
ხშირად ვაწყდებით რაგბისა და ფეხბურთის შედარებას, რაც კონტრპროდუქტიული ნაბიჯია ზოგადად სპორტის პოპულარიზაციაში ჩვენს ქვეყანაში. უამრავი კომპლექსური მიზეზის გამო, არ შეიძლება სხვადასხვა სპორტის სახეობის ერთმანეთთან შედეგობრივი შედარება. უფრო მეტიც, ძალიან დიდი უვიცობის გამოხატულებაა, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, როდესაც სპორტსმენების თავდადებაზე ვსაუბრობთ. არ არსებობს სპორტსმენი, რომელსაც სხვაზე ნაკლებად უნდა საკუთარი წარმატება და არც საბურთალოს ფეხბურთელები იყვნენ გუშინ გამონაკლისი – მათ ბოლომდე იბრძოლეს, ისევე როგორც, სომხური კლუბის ფეხბურთელებმა. დღეს რაგბი, ფეხბურთი და სპორტის ნებისმიერი სხვა სახეობა არა ერთმანეთს, არამედ მოზარდთა არააქტიურ ცხოვრების წესს უნდა ებრძოლოს.
ანა დოლიძე Anna Dolidze
თქვენ პოსტში ახსენეთ მონაცემები ფეხბურთის განვითარების ფონდის პროგრამიდან და აღნიშნეთ, რომ ქართული ფეხბურთი არის ჩაძირული „კორუფციასა და ნეპოტიზმში“. ფეხბურთის განვითარების პროგრამის ნაწილზე, მათ შორის, ბავშვთა ფეხბურთის განვითარებაზე, შემიძლია, ღიად გესაუბროთ ნებისმიერ, თქვენთვის მისაღებ ფორმატში და დაგარწმუნოთ საპირისპიროში. რაც შეეხება „ჩაძირვის“ ნაწილს, წარმოიდგინეთ, რომ რამდენიმე არაკეთილსინდისიერი იურისტის მაგალითზე, თქვენ და თქვენ სფეროში მოღვაწე ყველა ადამიანს ვუწოდო “კორუმპირებული და ნეპოტიზმში ჩაფლული.” მართებული იქნება?“ – წერს ნიკა ჯღარკავა.
აქვე, იმისათვის, რომ სრული სურათი შეგექმნათ, გთავაზობთ ელისაშვილისა და დოლიძის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ მოსაზრებებს:
ალექსანდრე ელისაშვილი: „საბურთალომ რაც ქნა, ზუსტად ამის გამო აღარ მიყვარს ფეხბურთი და ზუსტად ამიტომაც ჭკუა მეკეტება რაგბიზე! ბრძოლის ჟინი და თავდაუზოგაობა მომწონს ჩვენს მორაგბეებში. ჩვენი წინაპრები ეგეთებად წარმომიდგენია! ფეხბურთი არის სპეკულანტების ასპარეზი, ტოტალიზატორებსა და მაქინაციებში ჩართული ხალხის გასაქანი, ღირსებისა არაფერი რომ არ შერჩენიათ. ქართული რაგბი ღირსება და თავგანწირვაა, ქართული ფეხბურთი – უღირსობა და გულისრევა. ჩემი მშობლიური საბურთალო მაინც არ გერქვათ და ქარაქუცები ან რამე ეგეთი მაინც დაგერქვათ“.
ანა დოლიძე: „მეც არ მესიამოვნა არარატთან საბურთალოს წაგება. ძაღლის თავი იცი სად არის დამარხული? იმ კორუფციასა და ნეპოტიზმში სადაც ჩაძირულია ჩვენი ფეხბურთი. ნახეთ ფეხბურთის დაფინანსების ბიუჯეტი. ყოველ წელს მილიონობით ხმარდება კლუბებს, რომელსაც არ აქვს არავითარი შედეგი, და მიზერული თანხა ბავშვების ფიზიკურ მომზადებას და შეჯიბრებებს რომელიც უამრავი უნდა გვქონდეს უფასოდ“.