ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი იმერეთის სოფლებს ესტუმრა
ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი იმერეთის სოფლებს ესტუმრა

გრძელდება „უეფა“-ს (UEFA) მასობრივი ფეხბურთის კვირეული, რომლის ორგანიზატორი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაა (სფფ), ხოლო მხარდამჭერი – „უეფა“.

სფფ-ის ხელმძღვანელები (პრეზიდენტი – ლევან კობიაშვილი, პირველი ვიცე-პრეზიდენტი – კახა ჭუმბურიძე და ვიცე-პრეზიდენტი – ნიკა ჯღარკავა) ამჯერად იმერეთის სოფლებს ესტუმრნენ.

სახალისო საფეხბურთო ღია სკოლების პროექტის ფარგლებში, დელეგაცია ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ გურნაში იმყოფებოდა, სადაც სტადიონზე ღონისძიებაში 230-მდე ბავშვი მონაწილეობდა. საწვრთნელი პროცესი სფფ-ის მიერ სპეციალურად გადამზადებულმა მწვრთნელებმა და საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრების მოთამაშეებმა ჩაატარეს, სფფ-ის თავკაცებმა კი პროექტის მონაწილეებს ბურთები და მაისურები გადასცეს.

საერთაშორისო პროექტი „სახალისო საფეხბურთო ღია სკოლა“ საქართველოში 2003 წლიდან მიმდინარეობს, თუმცა წელს სფფ-ის ხელშეწყობით, პროექტმა ახალ მასშტაბები შეიძინა და მთელი ქვეყნის ფარგლებში მოგზაურობს.

დღესვე, სფფ-ის წარმომადგენლები სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩხენიშს ესტუმრნენ და სოფლის სტადიონების რეაბილიტაციის პროექტით, მოედანი სრულად განაახლეს: შეაკეთეს ტაბლო, მოაწყვეს სათადარიგო სკამები და სპორტული მოედნის სრულფასოვანი ფუნქციონირებისთვის აუცილებელი ყველა დეტალი. ბოლოს, ადგილობრივებმა სფფ-ის გუნდთან ითამაშეს, სადაც ქალთა ეროვნული ნაკრების წევრებიც იყვნენ. ჩხენიშის გუნდში კი სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერმა, ვალერიანე ფოცხვერიამ ითამაშა.

„ძალიან აქტიური და სასიამოვნო დღე გამოგვივიდა. ღონისძიებებში უამრავი ბავშვი ჩაერთო, რაც ძალიან სასიამოვნოა, რადგან ჩვენი ერთ-ერთი მთავარი მიზანი ფეხბურთის მასობრიობის ზრდაა. არ აქვს მნიშვნელობა ადამიანის ასაკსა და სქესს. ჩვენი მიზანია, სპორტის ამ სახეობაში რაც შეიძლება მეტი ადამიანი ჩაერთოს. მინდა, დღევანდელ აქტივობებზე მოსულ ადამიანებს დიდი მადლობა გადავუხადო“, – განაცხადა ლევან კობიაშვილმა.

მასობრივი ფეხბურთის კვირეული 29 სექტემბერს თბილისის „დავით პეტრიაშვილი არენაზე“ ტრადიციადქცეული „მამების თასით“ დასრულდება.