ფეხბურთის ფედერაციის პირველი ვიცე-პრეზიდენტი – სასიამოვნოა, რომ აჭარის რეგიონული ფედერაცია ძალიან აქტიურია

13:04, 07.10.2019
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პირველ ვიცე-პრეზიდენტი კახა ჭუმბურიძე აჭარაში იმყოფებოდა და ორ მნიშვნელოვან ღონისძიებას დაესწრო, სფფ-ს ბავშვთა და რეგიონული ფეხბურთის განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელ, გოჩა თამაზაშვილთან ერთად “ჩელე-არენაზე” აჭარა-გურიის თასის შეხვედრას დაესწრო, სადაც “შუქურას” 11-წლამდე გუნდი ბომბორას სახელობის აკადემიის “ლომებს” შეხვდა.
 
სტადიონზე იმყოფებოდნენ ქობულეთის მერი, მირიან ქათამაძე, აჭარის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ირაკლი თოთლაძე და ვეტერანი ფეხბურთელი, რევაზ ჩელებაძე. საქმე ისაა, რომ ერთი წელია, რაც ქობულეთში ბომბორას სახელობის საფეხბურთო აკადემია “ლომები” დაარსდა. ის ქობულეთის “შუქურას” ყოფილმა ფეხბურთელებმა საკუთარი სახსრებით ჩამოაყალიბეს და 120 ბავშვს სრულიად უსასყიდლოდ ავარჯიშებენ. მომავალში “ლომების” ქობულეთის “შუქურას” საფეხბურთო აკადემიაში ინტეგრაცია იგეგმება. სფფ-ის წარმომადგენლებმა ორივე გუნდს ბურთები და სხვადასხვა სახის საფეხბურთო ინვენტარი გადასცეს.
“ბავშვთა ფეხბურთი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. ჩვენი მიზანია, რომ სპორტის ამ სახეობაში რაც შეიძლება მეტი ბავშვი ჩავრთოთ და ახალგაზრდა თაობაში ჯანსაღი ცხოვრების წესი დავამკვიდროთ. ძალიან სასიამოვნოა, რომ ამ საქმეში აჭარის რეგიონული ფედერაცია აქტიურადაა ჩართული და მსგავსი ტურნირების ორგანიზებით ბავშვებში ფეხბურთის პოპულარიზაციას ხელს უწყობს” – ამბობს ფეხბურთის ფედერაციის პირველი ვიცე-პრეზიდენტი კახა ჭუმბურიძე.
კახა ჭუმბურიძე, სფფ-ს ვიცე-პრეზიდენტ ალექსანდრე იაშვილთან ერთად, ანგისას ბაზასაც ესტუმრა, სადაც საერთაშორისო საფეხბურთო ტურნირი “აჭარის თასი 2019” გაიხსნა. ტურნირი 14-წლამდე ფეხბურთელებს შორის იმართება და მასში 8 გუნდი მონაწილეობს – თბილისის “დინამო”, ბათუმის “დინამო”, თბილისის “საბურთალო”, “სფფ აკადემია”, “ვალენსია”, “პსვ ეინდჰოვენი”, “ბაბელსბერგ 03” და დუბაის ესპანური საფეხბურთო სკოლა.ტურნირი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის, ფეხბურთის განვითარების ფონდის, აჭარის ფეხბურთის ფედერაციის, სპორტ სოლუშენისა და თავისუფალი ფეხბურთის ორგანიზებით პირველად იმართება და 10 ოქტომბერს დასრულდება.
სფფ-ს პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა კომენტარი ამ ტურნირზეც გააკეთა: “აჭარის თასი 2019 ძალიან მნიშვნელოვანი ტურნირია და ფეხბურთის ფედერაცია მის ორგანიზებაში აქტიურადაა ჩართული. სწორედ ასეთი ტურნირების საშუალებით იზრდებიან წარმატებული ფეხბურთელები. ვთვლი, რომ თითოეული მონაწილე ძალიან საჭირო გამოცდილებას იღებს. მსგავსი ტურნირები საზოგადოებაში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებასთან ერთად, ტურიზმის განვითარებასაც უწყობს ხელს„.

მსგავსი