ქართული ფეხბურთის მმართველ ორგანოს ახალი პარტნიორი ჰყავს – ფეხბურთის ფედერაციამ საგანმანათლებლო ორგანიზაცია „იუ-ქეი ბრიჯთან“ (UK Bridge) თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა.
სფფ-ს ცნობით, მემორანდუმის თანახმად, მხარეები ფეხბურთის, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციისა და განათლების დონის ამაღლების მიზნით, ერთობლივ ღინისძიებებს ჩაატარებნენ.
„თანამშრომლობის მთავარი მიზანია, მრავალფეროვანი საერთაშორისო სასწავლო პროგრამების შეთავაზებით, განათლებითა და სპორტით თანაბრად დაინტერესებულ ადამიანებს მიეცეთ საშუალება, საზღვარგარეთ ორივე მიმართულებით განვითარდნენ. აღნიშნული ინიციატივა უპრეცედენტოა და პირველია, როგორც საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის, ისე „იუ-ქეი ბრიჯის“ მხრიდან, რომელიც სკოლა-პანსიონ „ეკვორთ სქულში“ (Ackworth School) მხარდაჭერას სთავაზობს მოსწავლეებს“ – წერია სფფ-ს განცხადებაში.
დიდი ბრიტანეთის ჩრდილოეთ ნაწილში, დასავლეთ იორკშირში მდებარე „ეკვორთ სქული“ ქვეყანაში ერთ-ერთი საუკეთესო სკოლა-პანსიონია. აღსანიშნავია, რომ მაღალი ხარისხის აკადემიური პროცესის გარდა, სპორტული პროგრამითაც გამოირჩევა და ძლიერი ფეხბურთის აკადემია აქვს. საყურადღებოა, რომ სტიპენდია ფეხბურთის აკადემიაზეც ვრცელდება.