ფეხბურთის ფედერაციამ მორიგი სტადიონი განაახლა - თენგიზ სულაქველიძის აკადემია ოფიციალურად გაიხსნა
ფეხბურთის ფედერაციამ მორიგი სტადიონი განაახლა - თენგიზ სულაქველიძის აკადემია ოფიციალურად გაიხსნა

თენგიზ სულაქველიძის აკადემიაში უეფა-ს სტანდარტების შესაბამისი ხელოვნურსაფარიანი საფეხბურთო მოედანი დააგეს. პროექტი 2018 წლის მარტის მიწურულს ფეხბურთის ფედერაციის დაფინანსებით დაიწყო და რამდენიმე დღის წინ დასრულდა.

დღეს განახლებული მოედანი ოფიციალურად გაიხსნა და აკადემიას ფეხბურთის ფედერაციისგან საჩუქრად ბურთები და საფეხბურთო ინვენტარი გადაეცა. ცერემონიას ესწრებოდნენ თბილისის მერი კახა კალაძე, ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე შალვა გოგოლაძე, მოწვეული სტუმრები და აკადემიის ფეხბურთელები.

„ჩვენ დავიწყეთ სპორტის, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია და მინდა, რომ ამ ინიციატივაში რაც შეიძლება მეტი ადამიანი ჩაერთოს. რაც შეეხება ინფრასტრუქტურას, ეს ხელს უწყობს ქვეყანაში ფეხბურთის განვითარებას, რომელიც სპორტის პოპულარული სახეობაა. მადლობა ფეხბურთის ფედერაციას ამ ინიციატივისთვის. მიხარია, რომ ქართულ ფეხბურთს ახალი მოედანი შეემატა. ქალაქის მერია ყველაფერს გავაკეთებთ, ასეთი ინფრასტრუქტურის მოწყობას ხელი რომ შევუწყოთ“ – ამბობს კახა კალაძე.

ლევან კობიაშვილის თქმით, აკადემიის განახლება საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სტრატეგიული პროექტია, რადგან ეს ცვლილებები ქვეყანაში ბავშვთა ფეხბურთის განვითარების ხელს შეუწყობს.

„პროექტის განხორციელება მომავალი თაობების გაზრდის წინაპირობაა. კარგი ინფრასტრუქტურა კი ამის გარანტია იქნება. ამ ეტაპზე, აკადემიაში 200-მდე ბავშვი ვარჯიშობს. განახლებულ მოედნებზე კი მათი რაოდენობის 800-მდე გაზრდაა შესაძლებელი“, – განაცხადა აკადემიის ხელმძღვანელმა თენგიზ სულაქველიძემ.