ფეხბურთის ფედერაცია სტადიონებზე ქართულ საფარს დააგებს
ფეხბურთის ფედერაცია სტადიონებზე ქართულ საფარს დააგებს

გაზაფხულიდან საფეხბურთო სტადიონების განახლება დაიწყო. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისა და ადგილობრივი მუნიციპალიტეტების ერთობლივი პროექტი მოედნის საფარის შეცვლასა და სტადიონების ინფრასტრუქტურის განახლებას ითვალისწინებს – საფეხბურთო არენები გარემონტდება ფოთში, ქობულეთში, სამტრედიაში, წყალტუბოსა და საჩხერეში.

პირველ არხისთვის ცნობილი გახდა, რომ მოედნის საფარს, ადრინდელივით, უცხოეთიდან არ ჩამოიტანენ – დასახელებულ სტადიონებზე ქართულ პროდუქციას დააგებენ, რომელიც ხობის რაიონის სოფელ ჭალადიდის მეურნეობაში მზადდება და ძალიან მაღალი ხარისხისაა. ამის შესახებ პირველ არხს “ზესტაფონის” მენეჯერმა სერგო ფუტკარაძემ განუცხადა.

“საფეხბურთო კლუბ “ზესტაფონის” მფლობელის, ილია კოკაიას საკუთრებაში ზესტაფონისა და თბილისის ზღვაზე მდებარე საფეხბურთო ბაზებია, სადაც სულ ხუთი უმაღლესი ხარისხის მოედანია. ორივეგან, ისევე როგორც დავით აბაშიძის სახელობის ზესტაფონის სტადიონზე, საფარის დაგებაზე, ხარისხსა და მის მოვლაზე კომპანია “Lawns of Georgia” ზრუნავს, რომელიც კოკაიამ დააფუძნა.

ამ მიზნით, სამეგრელოში, ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალადიდში სამი წელია, რაც სპეციალური მეურნეობა მოქმედებს და რომელიც უმაღლესი ხარისხის ლანდშაფტური და UEFA-ს სტანდარტების შესაბამისი გაზონების დამზადებით არის დაკავებული.

ფეხბურთის ფედერაციამ კომპანიის მიერ წარმოებული საფარის ხარისხი გაითვალისწინა და სტადიონების განახლებისთვის სწორედ “Lawns of Georgia”-ს საფარის შეძენა გადაწყვიტა და პირველ ეტაპზე, 5 ქალაქის სტადიონზე დააგებს – საუბარია ფოთის, ქობულეთის, სამტრედიის, წყალტუბოსა და საჩხერის საფეხბურთო არენებზე” – ამბობს სერგო ფუტკარაძე.

ზეტსაფონის” მენეჯერის თქმით, რამდენიმე ფაქტორის გათვალისწინებით, ქართული ბალახის საფარის გამოყენება მოგებიანია.

​„ეს საფარი მაღალი ხარისხისაა, რაზეც ისიც მეტყველებს, რომ საქართველოს ნაკრები ბოლო წლებში მხოლოდ თბილისის ზღვაზე მდებარე “ზესტაფონის” მოედანზე ვარჯიშობს. გარდა ამისა, ეს საფარი ოთხჯერ უფრო იაფია, ვიდრე უცხოეთიდან ჩამოტანილი. მესამე – ამით ქართული წარმოების წახალისება და განვითარება მოხდება, ხოლო საკმაოდ სოლიდური თანხა საქართველოში რჩება, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია“, – განაცხადა სერგო ფუტკარაძემ.