ფეხბურთი | ვინჩენცო მონტელა – საქართველოსთან წინა მატჩებში ბევრი შეცდომა დავუშვით და ეს აღარ უნდა გავიმეოროთ #1TVSPORT
საქართველოს ნაკრებთან მოახლოებული მატჩის წინ თურქეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვინჩენცო მონტელამ ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.
„დორტმუნდში, ევროპის ჩემპიონატზე გამართული მატჩიდან დიდი დრო გავიდა და იმ შეხვედრის შემდეგ სექტემბერში კვლავ შევხვდით ერთმანეთს. იმ მატჩებში ბევრი შეცდომა დავუშვით, რაც ხვალ აღარ უნდა განმეორდეს. ამაზე სერიოზულად ვიმუშავეთ და დარწმუნებული ვარ, შეხვედრას სრულ მზადყოფნაში ვხვდებით.
წინა მატჩს 3:0 ვიგებდით, თუმცა მოგვიანებით თამაშის მიმდინარეობა თითქმის მთლიანად შეიცვალა. მსგავსი სიტუაციების თავიდან ასაცილებლად ყურადღება და კონცენტრაცია მაქსიმალურ დონეზე უნდა გვქონდეს – აღარ უნდა დავუშვათ იმდენი შეცდომა, რამდენიც მაშინ. მთელმა გუნდმა ერთობლივად უნდა შეამციროს შეცდომების რიცხვი მინიმუმამდე.
საქართველოს ნაკრებს ბოლო პერიოდში პროგრესი აქვს, რაც ვილი სანიოლის დიდი დამსახურებაა, მას პატივს ვცემ. ვიცი, ხვალ ქართველები მაღალი პრესინგით დაიწყებენ, აგრესიულად ითამაშებენ და ძალებს ბოლო წუთებამდე შეინახავენ“, – განაცხადა მონტელამ.
თურქეთისა და საქართველოს ნაკრებების მატჩი ქალაქ იზმითში 14 ოქტომბერს, თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება. შეხვედრის პირდაპირ ტელერეპორტაჟს პირველი არხი და პირველი არხი სპორტი შემოგთავაზებთ, ხოლო რადიორეპორტაჟს – საქართველოს რადიო – FM 102.3.
მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო E ჯგუფი სამი ტურის შემდეგ:
