ფეხბურთი | ვილი სანიოლი – სექტემბერში კონკურენტუნარიანი გუნდი რომ გვყავდეს, დაცვის ხაზი უნდა გავაძლიეროთ #1TVSPORT
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა ლიეტუვასთან ამხანაგურ შეხვედრამდე კაუნასის სტადიონზე პრესკონფერენცია გამართა და, მოახლოებულ თამაშთან ერთად, საქართველოს ნაკრების დაცვაში არსებულ პრობლემებზე ისაუბრა.
ვილი სანიოლი – „გიორგი ჩაკვეტაძეს ჯანმრთელობის პრობლემები აქვს, მოედანზე მისი ყოფნა ძალიან მნიშვნელოვანია. ვნახოთ, ვარჯიშის შემდეგ როგორ იქნება. ისრაელთან განახლებული შემადგენლობით ვითამაშეთ, ბუნებრივია, შემადგენლობაში ცვლილებები ამჯერადაც იქნება.
ზურიკო დავითაშვილი ნაკრებში შესანიშნავად თამაშობს. ის ლიეტუვასთან მატჩს ძირითად შემადგენლობაში დაიწყებს. მესმის, რომ სათამაშო დროის სიმცირის გამო იმედგაცრუებულია, მაგრამ ჩვენ ბევრი მოთამაშე გვყავს, გუნდში მეტი კონკურენცია გვჭირდება.
ევროპის ჩემპიონატზე კარგი გამოცდილება მივიღეთ და შემდეგ ოთხმცველიან ტაქტიკაზე გადასვლა გადავწყვიტეთ. წინა შესარჩევ ციკლში ამ სქემით რამდენიმე მატჩი ჩავატარეთ. ევროპის ჩემპიონატის შემდეგ ძირითადი შემადგენლობის რამდენიმე მოთამაშე გუნდში აღარ არის და ისრაელთან სამმცველიან ტაქტიკას ამიტომაც დავუბრუნდით.
გვინდა, რომ ჩვენს ჩანაფიქრს მივყვეთ. სექტემბერში კონკურენტუნარიანი ნაკრები რომ გვყავდეს, ამისთვის ძლიერი დაცვის ხაზი გვჭირდება“.

მთავარ მწვრთნელთან ერთად, პრესკონფერენციას „ჯვაროსნების“ მეკარე გიორგი მამარდაშვილი ესწრებოდა და მომავალ მატჩზე აზრი მანაც გამოთქვა:
გიორგი მამარდაშვილი – „ისრაელთან მატჩის შემდეგ ფეხბურთელებმა ვისაუბრეთ და გვსურს, ვითარება ერთად გამოვასწოროთ, უფრო გუნდურად ვითამაშოთ. ამხანაგური თამაშები სწორედ ამიტომ ტარდება, რომ სიახლეები დავამუშაოთ და ტაქტიკური დეტალები დავხვეწოთ.
ნაკრები რამდენიმე გამოცდილმა ფეხბურთელმა დატოვა და ახლა კიდევ უფრო გაახალგაზრდავებული გუნდი ვართ, ამიტომ მეტი შეთამაშება გვჭირდება. ამხანაგურ მატჩებს იმისთვის გამოვიყენებთ, რომ სექტემბერში ერთა ლიგის შეხვედრებს ოპტიმალურ ფორმაში შევხდეთ“.
ლიეტუვისა და საქართველოს ნაკრებების მატჩი კაუნასში 29 მარტს, 17:00 საათზე დაიწყება – პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.