ფეხბურთი | საქართველოს ქალთა ნაკრების მწვრთნელი - გუნდის კაპიტანი თამარ ტატუაშვილი იქნება #1TVSPORT
საქართველოს ქალთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი ირის ანტმანი მედიის წარმომადგენლებს შეხვდა და მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე საბერძნეთთან მატჩისთვის მზადებაზე ისაუბრა.
„წინა შესარჩევი ციკლიც ამ პერიოდში დავიწყეთ და ახლა მოახლოებულ მატჩებს უფრო მეტად მომზადებულები ვხვდებით. იანვრიდან მზადება სწორედ ამიტომ დავიწყეთ, ფეხბურთელები კი ინდივიდუალური პროგრამით ვარჯიშობდნენ. ვფიქრობ, საკვალიფიკაციო ეტაპის სტარტზე ახლა შარშანდელზე უკეთეს ფორმაში ვართ.
ჯგუფის ორივე გუნდი რეიტინგში ჩვენზე მაღლა დგას, თუმცა ვიცით, რომ ფეხბურთში ეს გადამწყვეტი არ არის. თითოეულ შეხვედრაში მაქსიმუმი უნდა ჩავდოთ, განსაკუთრებით საბერძნეთთან, რომელიც ძალიან კარგი გუნდია. გამარჯვებას მოვახერხებთ, თუ მეტოქის სისუსტეებს გამოვიყენებთ და ჩვენს გეგმას მივყვებით.
ტრავმების გამო გასვიანი, ბაქრაძე და ჩემინავა ვერ გვეხმარებიან. შეკრების პერიოდში ასევე ანი აკობიძე დაშავდა. შესაბამისად, მათ ნაცვლად ახალგაზრდა ფეხბურთელები გამოვიძახეთ. თითქმის სამი წელია, აქ ვარ და ეროვნულ ნაკრებში ბევრი ახალგაზრდა, ნიჭიერი ფეხბურთელი მოვიწვიე. საქართველოში ბევრი საინტერესო მოთამაშეა და მიხარია, რომ 15-წლამდელთა ჩემპიონატის ჩატარება დავიწყეთ, სადაც არაერთ ნიჭიერ ფეხბურთელს ვხედავ.
ანანო წიქარიძე „რომაში“ რამდენიმე ვარჯიშს ჩაატარებს, სადაც მას დააკვირდებიან. როგორც ვიცი, მსგავსი პრაქტიკით ბევრი მოთამაშე მიჰყავთ. ეს იტალიური კლუბების სტრატეგიაა — აკვირდებიან ფეხბურთელებს და კონტრაქტს საუკეთესოებთან აფორმებენ. წიქარიძე ჯერ 16 წლისაა და კონტრაქტს 18 წლამდე ვერ გააფორმებს, თუმცა შესანიშნავი იქნება, თუ კარიერას ასეთი მაღალი დონის კლუბში გააგრძელებს.
გუნდის კაპიტანი თამარ ტატუაშვილი იქნება, რომელიც მოედანს ძალიან რთული ტრავმის შემდეგ დაუბრუნდა და ახლა ისრაელში თამაშობს. ეს ფეხბურთელი თითქმის მთელი კარიერის განმავლობაში ლეგიონერია და როგორც საფეხბურთო, ისე პიროვნული თვისებებით ნამდვილად გამორჩეულია. მას უყვარს ფეხბურთი და სხვა ფეხბურთელებისთვის მისაბაძი მაგალითი უნდა იყოს“.
საქართველოს ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპზე C4 ჯგუფში ითამაშებს, სადაც მისი მეტოქეები საბერძნეთისა და ფარერის კუნძულების ნაკრებები იქნებიან. ორრაუნდიანი პლეი ოფის საგზურს ჯგუფების გამარჯვებულები მიიღებენ, რომლებიც 2027 წლის ერთა ლიგის B ლიგაში დაწინაურდებიან.
მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი ოფის დამატებით ორ საგზურს ასევე მიიღებს C ლიგის ორი საუკეთესო მეორეადგილოსანი. ჩვენი გუნდი საბერძნეთში მიემგზავრება და მეტოქეს 3 მარტს ჰერაკლიონში დაუპირისპირდება.