ფეხბურთი | საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა მალტა დიდი სხვაობით დაამარცხა [ვიდეო] #1TVSPORT
საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე მესამე მატჩი გამართა. ქართველებმა ორი ფრის შემდეგ მალტასთან სტუმრად 5:0 გაიმარჯვეს.
შეხვედრის ბედი, შეიძლება ითქვას, პირველივე ტაიმში გადაწყდა. რამაზ სვანაძის გაწვრთნილი გუნდი თავიდანვე დაეუფლა უპირატესობას და შესვენებაზე ორბურთიანი სხვაობით გავიდა. პირველი გოლი 37-ე წუთზე ხარებაშვილმა გაიტანა, ხოლო მეორე 44-ე წუთზე – დადიანმა.
მეორე ტაიმში თამაშის სურათი აღარ შეცვლილა. მოედნის ცენტრს საქართველოს ნაკრები აკონტროლებდა. 68-ე წუთზე კიდევ ერთი ეფექტური გოლი გავიდა, ამჯერად გიორგი ტაბატაძემ გადაგზავნა ბურთი მალტელთა კარში.
მალევე, 71-ე წუთზე ნარიმანიძემ თავური დარტყმით სხვაობა ოთხამდე გაზარდა. საფინალო ანგარიში კი ბასილაძემ დააფიქსირა – 5:0.
სამი ტურის შემდეგ ექვსგუნდიან ჯგუფში საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები (5 ქულა) მესამე ადგილზეა. მას მხოლოდ გერმანია (6 ქულა) და საბერძნეთი (9 ქულა) უსწრებენ. ევროპის ჩემპიონატზე ჯგუფის პირველადგილოსნები ითამაშებენ. მეორე ადგილზე გასულებს შორის საუკეთესო ავტომატურად მიიღებს ევრო 2027-ის საგზურს, ხოლო დანარჩენი რვა პლეი ოფს ითამაშებს.
მომდევნო მატჩებს საქართველო ნოემბერში საბერძნეთსა და გერმანიასთან გამართავს.