ფეხბურთი | საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებმა ყაზახეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა [ვიდეო] #1TVSPORT
საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებმა „მიხეილ მესხი 2“-ზე ამხანაგურ შეხვედრაში ყაზახ თანატოლებს უმასპინძლა და მეტოქე 6:2 დაამარცხა.
ეს ზურაბ ხიზანიშვილისთვის 19-წლამდელთა ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე სადებიუტო თამაში იყო.
28-ე წუთზე ნიკოლოზ შალიკიანმა („იბერია 1999“) ანგარიში ეფექტური საჯარიმო დარტყმით გახსნა. 42-ე წუთზე ქართველმა ჭაბუკებმა მეორე გოლიც ჯარიმიდან გაიტანეს – ამჯერად თავი ნიკოლოზ ბენდელიანმა („დინამო თბილისი“) გამოიჩინა.
მეორე ტაიმში საქართველოს ნაკრებიდან გოლები ნიკოლოზ ბარიხაშვილმა (53), საბა ჩხეტიანმა (78), თენგიზ ნებულიშვილმა (90) და შოთა დიაკონიძემ (90+3) გაიტანეს, ხოლო სტუმართაგან – ხასენ არტორულმა (62) და ალან არაკელიანცმა (81) გამოიჩინეს თავი და საბოლოოდ შეხვედრა 6:2 დასრულდა.
ეს გუნდები 30 მარტს კიდევ ერთ ამხანაგურ მატჩს გამართავენ.
საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრები ივნისში გასამართი შესარჩევი ციკლის მატჩებისთვის ემზადება. ტურნირი ახალი ფორმატით იმართება. საკვალიფიკაციო ეტაპი სამრაუნდიანი გახდა და A და B ლიგებად დაიყო. ფინალურ ეტაპზე, მესამე რაუნდში შვიდი გუნდი მოხვდება, რომლებსაც მერვე გუნდად მასპინძელი ქვეყანა დაემატება.
საქართელოს 19-წლამდელთა ნაკრები სამგუნდიან ჯგუფში მონტენეგროსა და ისლანდიას დაუპირისპირდება. პირველი რაუნდის მატჩებს 3-9 ივნისს საქართველო უმასპინძლებს.