ფეხბურთი | საქართველოს 19-წლამდე ნაკრები ყაზახეთთან დამარცხდა #1TVSPORT
ფეხბურთი | საქართველოს 19-წლამდე ნაკრები ყაზახეთთან დამარცხდა #1TVSPORT

პირველ მატჩში 6:2 გამარჯვების შემდეგ საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებმა მიხეილ მესხის სახელობის სათადარიგო სტადიონზე ყაზახეთის ასაკობრივ გუნდთან მეორე ამხანაგური მატჩი გამართა და 0:2 დამარცხდა.

სტუმრები უკეთ გამოიყურებოდნენ, რის შედეგადაც მე-20 წუთზე ანგარიში მახმუდოვის დარტყმით გახსნეს და დაწინაურდნენ.

მეორე ტაიმში ზურაბ ხიზანიშვილის გაწვრთნილი გუნდი დიდი ძალებით უტევდა, ფეხბურთელებმა რეალური საგოლე მომენტებიც შექმნეს, მაგრამ შანსები ვერ გამოიყენეს.

სამაგიეროდ, 77-ე წუთზე კონტრშეტევაზე გადასულმა ყაზახებმა ვალიხანის გოლით საბოლოო ანგარიში დააფიქსირეს.

ჩვენი ასაკობრივი ნაკრები ივნისში ახალი ფორმატის შესარჩევ ციკლში მიიღებს მონაწილეობას. რომლის მიხედვითაც, საკვალიფიკაციო ეტაპი სამრაუნდიანი გახდა და A და B ლიგებად დაიყო. ფინალურ ეტაპზე, მესამე რაუნდში ჯგუფების გამარჯვებული შვიდი გუნდი მოხვდება, რომლებსაც მერვე გუნდად მასპინძელი ქვეყანა დაემატება.

ქართველი 19-წლამდელები სამგუნდიან ჯგუფში მონტენეგროსა და ისლანდიას დაუპირისპირდებიან. პირველი რაუნდის მატჩებს 3-9 ივნისს საქართველო უმასპინძლებს.