ფეხბურთი | სანდრო ალთუნაშვილი - კლუბმა ისრაელის სამხრეთში, სხვა ქალაქში გადაგვიყვანა, სადაც შედარებით სიმშვიდეა #1TVSPORT
საქართველოს ნაკრების ნახევარმცველმა, სანდრო ალთუნაშვილმა, რომელიც ჰაიფას „ჰაპოელში“ თამაშობს, პირველ არხთან ინტერვიუში ისაუბრა იმ ვითარებაზე, რომელიც ამჟამად ისრაელშია.
„ჩემთვის და ისრაელში ჩამოსული ლეგიონერებისთვის, ბუნებრივია, საომარი ვითარება დიდი სტრესია. მაგრამ ადგილობრივები მსგავს ამბებს მიჩვეულები არიან და, ჩემდა გასაკვირად, ყველაფერს ჩვენზე ბევრად უფრო მსუბუქად აღიქვამენ – პანიკაში ნამდვილად არ არიან.
ჩემი ოჯახის წევრებიც ისრაელში არიან. თუმცა კლუბმა ისრაელის სამხრეთში, სხვა ქალაქში გადაგვიყვანა, სადაც შედარებით სიმშვიდეა. ჯერ ვერ ვვარჯიშობთ – სასტუმროში ფიტნესმწვრთნელის მითითებით ტრენაჟორებზე ვვარჯიშობთ და დავრბივართ.
გვპირდებიან, რომ ლეგიონერები გუნდს მალე დავუბრუნდებით. გასაგებია, ომია და რაღაცები ძველებურად არ არის, მაგრამ ცხოვრება გრძელდება და ადამიანები ყოველდღიურ რიტმს მაქსიმალურად ინარჩუნებენ. ეს განწყობაზე კარგად მოქმედებს. იმედია, ომი მალე დასრულდება და ჩემპიონატი მალე გაგრძელდება“, – ამბობს სანდრო ალთუნაშვილი.