ფეხბურთი | ქუთაისის „ტორპედოს“ მწვრთნელი - არაბიძის დაბრუნება გუნდს გააძლიერებს, ბევრად უკეთესი სეზონი უნდა გვქონდეს #1TVSPORT
ქუთაისის „ტორპედოს“ მთავარმა მწვრთნელმა, გერმანელმა სპეციალისტმა დირკ შუსტერმა, გუნდის მზადებაზე, სამომავლო მიზნებსა და გიორგი არაბიძის ტრანსფერზე ისაუბრა.
„ტორპედო“ მოსამზადებელ პერიოდს ქუთაისში, საკუთარ საწვრთნელ ბაზაზე აგრძელებს, სადაც, უამინდობის მიუხედავად, ინტენსიური ვარჯიშებისთვის ყველა საჭირო პირობაა შექმნილი. გუნდი პირველ ამხანაგურ მატჩს წყალტუბოს „სამგურალის“ წინააღმდეგ 24 იანვარს გამართავს.
„გასული სეზონი ცუდად დავიწყეთ. ამას თავისი მიზეზები ჰქონდა, მათ შორის ისიც, რომ მე და ჩემი ასისტენტი გუნდს გვიან შევუერთდით. ახლა განსხვავებული ვითარებაა, რამდენიმე დღეა, შევიკრიბეთ, ფეხბურთელებმა სამედიცინო შემოწმება გაიარეს და ახალი სეზონისთვის მზადება დავიწყეთ.
დაგეგმილი გვაქვს შეკრება კვიპროსში. ეს ყველაფერი ძალიან დაგვეხმარება, რომ სეზონს სათანადო ფორმაში შევხვდეთ. გასულ წელთან შედარებით, ბევრად უკეთესი სეზონი უნდა გვქონდეს.
გიორგი არაბიძე დაბრუნდა და დარწმუნებული ვარ, ის გუნდს გააძლიერებს. კიდევ რამდენიმე ტრანსფერსაც ვგეგმავთ და გუნდის გაძლიერებაზე აქტიურად ვმუშაობთ. კლუბის ხელმძღვანელობასთან ერთად ამ საკითხს ყოველდღიურად განვიხილავთ“, – ამბობს დირკ შუსტერი.