ფეხბურთი | ნიკოლოზ უგრეხელიძე „ქარაგუმრუქიდან“ „დინამო თბილისში“ დაბრუნდა #1TVSPORT
ნიკოლოზ უგრეხელიძე, რომელიც თურქეთის სუპერლიგაში თამაშობდა, „დინამო თბილისში“ დაბრუნდა.
„თურქეთის სუპერლიგის „ქარაგუმრუქმა“ გამოაცხადა, რომ ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე ოთხ ფეხბურთელთან კონტრაქტი შეწყდა. ესენი არიან ათაქან ჩანქაია, ენცო როკო, ნიკოლოზ უგრეხელიძე და ალპერ ემრე“, – წერია კლუბის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უგრეხელიძე „დინამო თბილისის“ აკადემიის აღზრდილია. 2025 წლის ზაფხულში იჯარით „ქარაგუმრუქში“ გადავიდა, მაგრამ თურქული გუნდის ფორმით სუპერლიგასა და თურქეთის თასზე მხოლოდ ხუთი მატჩი ჩაატარა და სათამაშო პრაქტიკის ნაკლებობის გამო „დინამო თბილისში“ დაბრუნდა.
22 წლის მცველს სისტემატურად იწვევდნენ საქართველოს ასაკობრივ (U17, U19) ნაკრებებში, იყო 21-წლამდელთა ნაკრების წევრი, მაგრამ 2025 წელს სლოვაკეთში გამართული ახალგაზრდული ევროპის ჩემპიონატი ტრავმის გამო გამოტოვა.