ფეხბურთი | მიქაუტაძემ გოლი გაიტანა და საგოლე გადაცემა შეასრულა - „ვილიარეალმა“ „ესპანიოლი“ დაამარცხა [ვიდეო] #1TVSPORT
გიორგი მიქაუტაძემ ესპანეთში გადასვლის შემდეგ ლა ლიგაში ერთ-ერთი საუკეთესო შეხვედრა ჩაატარა და „ესპანიოლთან“ გოლითა და საგოლე გადაცემით „ვილიარეალის“ გამარჯვებაში (4:1) ერთ-ერთი მთავარი როლი ითამაშა.
მიქაუტაძემ ანგარიში 35-ე წუთზე ეფექტური დარტყმით გახსნა. საგოლე გადაცემა კი ანგარიშზე 55-ე წუთზე ჩაიწერა. აღსანიშნავია, რომ ქართველ თავდამსხმელთან უხეშობისთვის მსაჯმა „ესპანიოლის“ ორ მოთამაშეს ყვითელი ბარათი უჩვენა. საქართველოს ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი 73-ე წუთზე შეცვალეს.
23 ტურის შემდეგ „ვილიარეალმა“ 45 ქულა დააგროვა, ამასთან, ერთი თამაშით ნაკლები აქვს ჩატარებული. გიორგი მიქაუტაძის ანგარიშზე ლა ლიგაში უკვე 10 საგოლე მოქმედება – 6 გოლი და 4 საგოლე გადაცემა.
ლა ლიგა 2-ში გიორგი გულიაშვილმა მორიგი შეხვედრა ჩაატარა სანტანდერის „რასინგში“, რომელმაც აუტსაიდერ „მირანდესს“ უამსპინძლა და 1:0 სძლია. ქართველმა თავდამსხმელმა თამაში ძირითად შემადგენლობაში დაიწყო და 88-ე წუთზე შეცვალეს.
25 ტურის შემდეგ „რასინგი“ 47 ქულით ლა ლიგა 2-ის ლიდერია და „კასტელონს“ ორი ქულით ასწრებს.