ფეხბურთი | მექვაბიშვილის „კრაიოვამ“ და ნონიკაშვილის „ჩერკასმა“ ლიდერობა შეინარჩუნეს #1TVSPORT
რუმინეთის სუპერლიგაში ანზორ მექვაბიშვილის კრაიოვის „უნივერსიტატეა“ სლობოჟიის „უნირეას“ ესტუმრა და დამაჯერებლად დაამარცხა – 3:0. საქართველოს ნაკრების ნახევარმცველმა შეუცვლელად ითამაშა, მისი გუნდი კი ერთპიროვნული ლიდერია და კონკურენტეს 4 ქულით ასწრებს.
90 წუთი ითამაშა სანდრო ალთუნაშვილმაც, რომლის ჰაიფას „ჰაპოელიც“ გასვლაზე ლიდერ „ბეერ-შევას“ დაუზავდა 1:1. ამით ჰაიფელებმა მეორეადგილოსნის, ლუკა გადრანის „ბეითარის“ საქმე გააკეთეს, რომელიც ლიდერთან დაწევას ცდილობს.
უკრაინის ჩემპიონატში ნიკა გაგნიძის და ზუკა რუხაძის კოვალივკის „კოლოსი“ შინ გიორგი მაისურაძის „ჟიტომორთან“ დამარცხდა – 0:2. ქართველებიდან ძირითად შემადგენლობაში მხოლოდ გაგნიძემ ითამაშა, მაისურაძე კი დიდი ხნის პაუზის შემდეგ „ჟიტომირის“ განაცხადში პირველად გამოჩნდა.
გათამაშების ლიდერმა, შოთა ნონიკაშვილის „ჩერკასმა“ „დუნაივცი“ 2:0 დაამარცხა. ქართველი ნახევარმცველი მოედანზე 22-ე წუთზე გამოჩნდა.
„ჩერკასმა“ (38 ქულა), დონეცკის „შახტართან“ ერთად, პირველი ადგილი შეინარჩუნა, მესამე ადგილზე კი „ჟიტომირია“ (33 ქულა).