ფეხბურთი | მაიკლ ონილი – საქართველოს ნაკრებში კვარაცხელიასთან ერთად ბევრი სხვა კარგი მოთამაშეა, იმედია, ოთხ-ხუთ წელიწადში ამ დონემდე ჩვენც მივალთ #1TVSPORT
ჩრდილოეთ ირლანდიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მაიკლ ონილმა „დინამო არენაზე“ პრესკონფერენცია გამართა და საქართველოსთან მოახლოებულ შეხვედრაზე ისაუბრა.
„ყველა მოთამაშე მწყობრშია. ტრავმირებული არავინ გვყავს. ხანგრძლივი მგზავრობა ხელისშემშლელი ფაქტორი ნამდვილად არ იქნება. აქ სასტუმროც იდეალურია. თბილისშიც ბრიტანული დროით ვემზადებით.
ყველას გვირჩევნია, ხალხი ტრიბუნაზე იყოს. მაგრამ ეს მასპინძელი გუნდისთვის უფრო უარყოფითი ფაქტორი იქნება.
საქართველოს ნაკრებში ხვიჩა კვარაცხელიას გარდა სხვა არაერთი კარგი მოთამაშეა. იმედია, ჩვენ ამ დონემდე 4-5 წელიწადში მივალთ. კვარაცხელიას ნებისმიერ დროს შეუძლია თამაშის ბედის ინდივიდუალურად გადაწყვეტა, მაგრამ ჩრდილოეთ ირლანდიას ასეთ ვარსკვლავებთან დაპირისპირების გამოცდილება აქვს.
ჩრდილოეთ ირლანდიისა და საქართველოს მსგავსი პატარა ქვეყნებისთვის კვარაცხელიას დონის ფეხბურთელი ძალიან საამაყოა. ადრე ქინქლაძით ამაყობდით… სამწუხაროა, რომ ჩვენ ახლა ჯორჯ ბესტის დონის მოთამაშე არ გვყავს“.
საქართველოს ნაკრები სექტემბერ-ოქტომბერში ერთა ლიგაზე ოთხ შეხვედრას გამართავს. ვილი სანიოლის გაწვრთნილი გუნდი პირველ ორ თამაშს თბილისში ჩაატარებს – 25 სექტემბერს თბილისში ჩრდილოეთ ირლანდიასთან, ხოლო 28-ში – უკრაინასთან.