ფეხბურთი | კრიშტიანო რონალდო მსოფლიო ჩემპიონატის პირველივე შეხვედრაში ითამაშებს – პორტუგალიელმა ერთმატჩიანი დისკვალიფიკაცია მიიღო #1TVSPORT

20:53, 25.11.2025

ირლანდიასთან მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე მიღებული წითელი ბარათის გამო კრიშტიანო რონალდო მხოლოდ ერთმატჩიანი დისკვალიფიკაციით დაისაჯა. შესაბამისად, ის მუნდიალის პირველივე მატჩში მიიღებს მონაწილეობას მწვრთნელის სურვილის შემთხვევაში.

რონალდო არასპორტული ქმედებისთვის დუბლინში საკვალიფიკაციო ჯგუფური ეტაპის შეხვედრაში 59-ე წუთზე გააძევეს. მან ბოლო ტურის მატჩი სომხეთთან სწორედ ამის გამო გამოტოვა და, ფიფა-ს გადაწყვეტილებით, მას დისკვალიფიკაცია უკვე მოხდილად ეთვლება.

2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატი ლეგენდარული ფეხბურთელისთვის კარიერაში მეექვსე იქნება. მან 2006 წლიდან ყველა მუნდიალზე მიიღო მონაწილეობა.

კრიშტიანო რონალდოს პორტუგალიის ნაკრების მაისურით ჩატარებულ 226 მატჩში 143 გოლი აქვს გატანილი, ორივე ეს მაჩვენებელი სანაკრებო დონეზე სარეკორდოა.

2016 წელს რონალდომ პორტუგალიასთან ერთად ევროპის ჩემპიონატი მოიგო, ხოლო 2019 და 2025 წლებში ერთა ლიგის ჩემპიონი გახდა. მსოფლიო ჩემპიონატზე კი საუკეთესო შედეგი 2006 წელს დააფიქსირა, როდესაც ტურნირზე მეოთხე ადგილი დაიკავა.

2026 წლის მუნდიალი ჩრდილოეთ ამერიკის სამ ქვეყანაში – აშშ-ში, კანადასა და მექსიკაჩი ჩატარდება, შეჯიბრება 11 ივნისს დაიწყება და 19 ივლისს დასრულდება. ტურნირის ჯგუფური ეტაპის წილისყრა 5 დეკემბერს ვაშინგტონში გაიმართება.

მსგავსი