ფეხბურთი | „გაგრის“ ფეხბურთელები „ტრენჩინსა“ და „დინამო თბილისში“ გადავიდნენ #1TVSPORT
ფეხბურთი | „გაგრის“ ფეხბურთელები „ტრენჩინსა“ და „დინამო თბილისში“ გადავიდნენ #1TVSPORT

საფეხბურთო კლუბი „გაგრა“ ორმა წამყვანმა მოთამაშემ დატოვა – ერთი კარიერას საქართელოში გააგრძელებს, მეორე – სლოვაკეთში.

ნახევარმცველი გია ნადარეიშვილი „ტრენჩინში“ ითამაშებს – ინფორმაცია ქართულმა და სლოვაკურმა კლუბებმა დაადასტურეს.

20 წლის ნახევარმცველმა „ტრენჩინთან“ ორწელიწადნახევრიანი კონტრაქტი გააფორმა. ის ფოთის „კოლხეთის“, სენაკის „ეგრისისა“ და მოგვიანებით „დინამო თბილისის“ საფეხბურთო სკოლებში ვარჯიშობდა. პროფესიული კარიერა მარტვილის „მერანში“ დაიწყო, „გაგრაში“ 19 წლისა გადავიდა. ნადარეიშვილს რამაზ სვანაძე 21-წლამდელთა ნაკრებში სისტემატურად იწვევს.

გიორგი ხარებაშვილი კი „დინამო თბილისის“ რიგებს შეუერთდა. 29 წლის შემტევმა ნახევარმცველმა ყველაზე ტიტულოვან ქართულ კლუბთან ხელშეკრულება სეზონის ბოლომდე გააფორმა. ის „დინამოს“ ასაკობრივ გუნდებში თამაშობდა, მერე „თელავის“, „რუსთავის“, გარეჯისა“ და „გაგრის“ რიგებში ითამაშა.