ფეხბურთი | დიეგო დეისაძე – დიდი ხანია, ვფიქრობდი, ქუთაისის „ტორპედოში“ დავბრუნებულიყავი #1TVSPORT
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების თავდამსხმელი დიეგო დეისაძე ქუთაისის „ტორპედოს“ დაუბრუნდა. კლუბთან კონტრაქტის გაფორმების შემდეგ ახალწვეულმა აღნიშნა, რომ მშობლიურ გუნდში დაბრუნებაზე, დიდი ხანია, ფიქრობდა.
„დავბრუნდი, რათა ბავშვობის კლუბთან ერთად კიდევ არაერთი ტიტული მოვიგო და ძალიან ბედნიერი ვარ.
დიდი ხანია, ვფიქრობდი „ტორპედოში“ დაბრუნებაზე. მთავარი მიზანია, გავხდეთ საქართველოს ჩემპიონები, მოვიგოთ თასი და ვიასპარეზოთ ევროტურნირებზე. ყველაფერს გავაკეთებ, რომ გუნდს დავეხმარო და ეს ყველაფერი ერთად შევძლოთ. გპირდებით, მაქსიმუმს გავიღებ, რათა კმაყოფილები დარჩეთ და იმედები არ გაგიცრუოთ“, – აღნიშნა დეისაძემ.
ქუთაისში დაბრუნების შემდეგ დიეგო დეისაძემ ქუთაისის „იბერიის “ აკადემია მოინახულა, სადაც თავის ყოფილ მწვრთნელს, ლევან ჯავახაძეს შეხვდა და ბავშვობის პირველი წარმატება გაიხსენა: „ბავშვობის წლები კარგად მახსოვს – იმერეთის თასი მოვიგეთ, გუნდის კაპიტანი ვიყავი და სწორედ მე ავწიე თასი“.
საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების თავდამსხმელი ქუთაისელებს პოლონური „ტერმალიკადან“ შეუერთდა. კონტრაქტი 2+1 სისტემით გაფორმდა.