ფეხბურთი | ანდრია ბართიშვილის შემდეგ თბილისის „იბერია“ აკაკი გიუნაშვილსაც დაიმატებს #1TVSPORT
საქართველოს ჩემპიონი „იბერია“ ახალ სეზონს გაძლიერებული შემადგენლობით ხვდება – კლუბმა ნიჭიერი ქართველი ფეხბურთელები და გამოცდილი თავდამსხმელი დაიმატა, უახლოეს პერიოდში კი ლეგიონერების დამატებასაც გეგმავს.
ანდრია ბართიშვილი, რომელსაც ხშირად „ახალ კვარაცხელიასაც“ უწოდებენ, ფოთის „კოლხეთის“ შემდეგ კარიერას ქვეყნის ჩემპიონ გუნდში გააგრძელებს. მასთან ერთად, დიდი შანსია, რომ „იბერიას“ „კოლხეთის“ კიდევ ერთი ყოფილი ფეხბურთელი – მცველი აკაკი გიუნაშვილი შეუერთდეს.
20 წლის ცენტრალური მცველი 2022 წელს გორის „დილაში“ ირიცხებოდა, შემდეგ კი იტალიაში გადავიდა და ნახევარი სეზონი „ფროზინონეს“ მეორე გუნდში გაატარა. 2023 წლიდან გიუნაშვილი ფოთის „კოლხეთის“ ფეხბურთელი გახდა და მას შემდეგ კლუბის ღირსებას იცავდა. ახალგაზრდა მცველს საქართველოს ყველა ასაკობრივ ნაკრებში აქვს ნათამაშები.
„იბერიის“ კიდევ ერთი პოტენციური ახალწვეული არის ზვიად ნაჭყებია, რომელმაც რამდენიმე დღის წინ ჩეხურ „ზლინს“ დაემშვიდობა. 29 წლის თავდამსხმელი ჩეხეთის კლუბში 2023 წლის ბოლოს გადავიდა, მანამდე კი „ვიტ ჯორჯიასა“ და „სამტრედიაში“ თამაშობდა.
ამასთან, კლუბის მენეჯმენტი სატრანსფერო ბაზარზე აქტიურად მუშაობს და გეგმავს, რომ იანვრიდან სხვადასხვა პოზიციაზე, მინიმუმ, ოთხი ლეგიონერი დაიმატოს. ახალი ფეხბურთელები გუნდს არა მხოლოდ ეროვნულ ლიგაში, არამედ ევროტურნირებზეც დაეხმარებიან.