ფეხბურთელ გურამ კაშიას საქმეზე „პატრიოტთა ალიანსის“ წევრ კონსტანტინე მორგოშიას კითხავენ
ფეხბურთელ გურამ კაშიას საქმეზე „პატრიოტთა ალიანსის“ წევრ კონსტანტინე მორგოშიას კითხავენ

​ფეხბურთელ გურამ კაშიას საქმეზე სამართალდამცველები „პატრიოტთა ალიანსის“ წარმომადგენელ კონსტანტინე მორგოშიას კითხავენ. გამოკითხვა თბილისის პოლიციის მთავარ სამმართველოში მიმდინარეობს. სამმართველოსთან მის მხარდასაჭერად „ქართული მარშის“ ერთ-ერთი ლიდერი სანდრო ბრეგაძე მივიდა.

საქმე ეხება გურამ კაშიას სოციალურ ქსელში შეურაცხყოფის საქმეს, რის გამოც, ფეხბურთელმა „ფეისბუქის“ გვერდი გააუქმა.

„არანაირი მუქარის შემცველი იმ განცხადებაში არ არის, ჩვენ ვაანონსებთ მასშტაბურ აქციას“, – განუცხადა მორგოშიამ ჟურნალისტებს პოლიციის შენობაში შესვლამდე.

სანდრო ბრეგაძეც აცხადებს, რომ კონსტანტინე მორგოშიას განცხადებაში კანონსაწინააღმდეგო არაფერია.

„პირადად ლევან კობიაშვილმა და გურამ კაშიამ დაურეკეს გიორგი გახარიას და კატეგორიულად მოსთხოვეს, კონსტანტინე მორგოშიასა და სხვა აქტივისტების გაჩერება იმ ფაქტთან დაკავშირებით, რაც მოყვა კაშიას მიერ ლგბტ პირების უფლებების დაცვის გამო პრიზის მიღებას. ეს არის პირდაპირ გურამ კაშიას და კობიაშვილის მოთხოვნა, მუქარის შემცველი არანაირი ტექსტი არ ყოფილა. კაშიას რომ ვარდებით არ დახვდებიან აეროპორტში, ეს მან კარგად უნდა იცოდეს. თუ ეს არ უნდა, მიბაძოს ხორვატ ფეხბურთელს, რომელმაც ლგბტ სამკლაურის გაკეთებაზე უარი თქვა და პრობლემა არ ექნება“, – განაცხადა ბრეგაძემ.

უეფა-ს გადაწყვეტილებით, „თანასწორი თამაშის“ ჯილდოს პირველი მფლობელი საქართველოს ეროვნული ნაკრების ვიცე-კაპიტანი გურამ კაშია გახდა. ჯილდო იმ მოთამაშეს გადაეცემა, რომელიც სამაგალითოდ მოიქცა ევროპულ ფეხბურთში ინკლუზიურობის, მრავალფეროვნებისა და ხელმისაწვდომობის პოპულარიზაციის კუთხით. აღნიშნული ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, ქართველი გულშემატკივრების ნაწილმა გურამ კაშიას მიმართ ნეგატიური კამპანია წამოიწყო. ამასთან, ნეგატიური კომენტარები კეთდებოდა ფეხბურთელის გვერდზე „ფეისბუკში“, რის გამოც, გურამ კაშიამ სოციალურ ქსელში საკუთარი გვერდი გააუქმა. ინტერნეტმომხმარებლების ნაწილმა ასევე სოციალურ ქსელში გურამ კაშიას მხარდამჭერი კამპანია წამოიწყო.