„ფეისბუქსა და „ტვიტერზე“ რუსეთთან დაკავშირებული ანგარიშები დაბლოკეს
„ფეისბუქსა და „ტვიტერზე“ რუსეთთან დაკავშირებული ანგარიშები დაბლოკეს

„ფეისბუქსა და „ტვიტერზე“ რუსეთთან დაკავშირებული ანგარიშები დაბლოკეს, რომელთა საშუალებითაც, როგორც სოციალური ქსელების მესვეურები იუწყებიან, ამერიკელ ამომრჩევლებზე ზემოქმედებდნენ.

როგორც კომპანია „ფეისბუქში“ აცხადებენ, დაბლოკილია 13 გვერდი, რომელთა საშუალებითაც რუსეთი აშშ-სა და ბრიტანეთში მემარცხენე ამომრჩევლებზე ზეგავლენის მოხდენას ცდილობდა; მათ შორის ცდილობდა, გადაებირებინა ფრილანსერი ჟურნალისტები, რომელიც შიდა პოლიტიკაზე სტატიებს დაწერდნენ.

სოციალური ქსელის მესვეურები აცხადებენ, რომ რუსეთის ოპერაცია ფოკუსირებული იყო აშშ-ის პოლიტიკასა და რასიზმის ნიადაგზე უთანხმოებაზე, კამპანია კი აგებული იყო ფსევდო მედია ორგანიზაცია „ფისდატას“ გარშემო.

როგორც ირკვევა, აღნიშნულ ვებგვერდს „ფეისბუქზე“ 13 ანგარიში და ორი გვერდი ჰქონდა, რომლებიც მაისში გახსნეს და მათი ბლოკირება დღეს მოხდა, რადგან გამოვლინდა „არაავთენტური კოორდინირებული ქცევა“.

„ფეისბუქში“ ამბობენ, რომ ამ გვერდებს კავშირი ჰქონდათ „რუსეთის ინტერნეტ კვლევის სააგენტოსთან“, რომელსაც აშშ-ის დაზვერვის მონაცემებით, რუსეთი აშშ-ის 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევისთვის იყენებდა. რუსეთი ამ ბრალდებას უარყოფს.

ვებგვერდი „ფისდატა“ ინგლისურ და არაბულ ენებზეა ხელმისაწვდომი. ვებგვერდზე ნათქვამია, რომ ის არასამთავრობო მედია ორგანიზაციაა.

როგორც დადგინდა ვებგვერდზე დასახლებული სამი პირი, რომელიც თითქოსდა წამყვან პოზიციებს იკავებს ორგანიზაციაში, რეალურად არ არსებობს და მათი სურათები ხელოვნური ინტელექტით არის შექმნილი.

ამასთან, ვებგვერდზე 700-ზე მეტი პუბლიკაციაა გამოქვეყნებული, რომელთა ავტორები ძირითადად ამერიკელი და ბრიტანელი ფრილანსერი ჟურნალისტები არიან.

აშშ-ის გარდა „ფისდატა“ ეგვიპტესა და ალჟირთან დაკავშირებულ თემებზეც მუშაობდა.

თავის მხრივ, „ტვიტერში“ განაცხადეს, რომ გამოავლინეს მომხმარებელთა მანიპულაციის მცდელობა და წაშალეს ხუთი ანგარიში, რომელიც რუსეთის სახელმწიფო სუბიექტებს ეკუთვნის. როგორც ირკვევა, ეს ანგარიშები ასევე დაკავშირებულია ვებგვერდ „ფისდატასთან.“