„ფეისბუქს“ აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების წინ საარჩევნო რეკლამასთან დაკავშირებულ რეგულაციებში ცვლილებები შეაქვს
აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების წინა პერიოდში „ფეისბუქი“ კვლავ მისცემს კამპანიის მონაწილეებს იმ პოლიტიკური რეკლამის გამოქვეყნების საშუალებას, რომელიც უკვე არსებობს სოციალური ქსელის სისტემაში, ასევე დართავს მათ სარეკლამო ხარჯებისა და სამიზნე აუდიტორიის ცვლილების საშუალებას, თუმცა აკრძალული იქნება პოლიტიკური რეკლამის კონტენტის ან დიზაინის ცვლილება.
კომპანიაში ასევე განაცხადეს, რომ ნიშანს დაურთავენ კანდიდატებისა და საარჩევნო კამპანიის მონაწილეთა იმ პოსტებს, რომლებშიც ისინი არჩევნების ოფიციალური შედეგების გამოქვეყნებამდე, გამარჯვების შესახებ განაცხადებენ.
როგორც „ფეისბუქის“ დამფუძნებელმა, მარკ ცუკერბერგმა ტელეკომპანია „სიბიეს ნიუსთან“ განაცხადა, ამოქმედების შემდეგ, აღნიშნული წესები შეეხება თანაბრად როგორც პრეზიდენტს, ისე სხვა პირებს.
„ფეისბუქის“ განცხადებაში ცუკერბერგმა აღნიშნა, რომ შეშფოთებულია იმ განსაკუთრებული გამოწვევების გამო, რომელთა წინაშე ამომრჩევლები კორონავირუსის პანდემიის გამო აღმოჩნდებიან.
„ასევე შემაშფოთებელია, რომ რადგან ჩვენი ერი ასე გაყოფილია და არჩევნების შედეგებს შესაძლოა, დღეები ან კვირებიც კი დასჭირდეს, ქვეყანაში შესაძლოა, სამოქალაქო არეულობის მზარდი რისკი გაჩნდეს“, – აღნიშნავს ცუკერბერგი.