„ფეისბუქმა“ რუსეთთან დაკავშირებული ყალბი გვერდები და ანგარიშები წაშალა, რომელთა სამიზნეს მსოფლიოს მრავალი ქვეყანა, მათ შორის საქართველო წარმოადგენდა
„ფეისბუქმა“ რუსეთთან დაკავშირებული ყალბი გვერდები და ანგარიშები წაშალა, რომელთა სამიზნეს მსოფლიოს მრავალი ქვეყანა, მათ შორის საქართველო წარმოადგენდა

კომპანია „ფეისბუქმა“ სოციალური ქსელიდან რუსეთთან დაკავშირებული ყალბი ანგარიშები და გვერდები წაშალა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს. ამერიკული კომპანიის განცხადებით, წაშლილია ყალბი ანგარიშების სამი ქსელი, რომელთა სამიზნეს მსოფლიოს მრავალი ქვეყანა, მათ შორის საქართველო წარმოადგენდა.

კერძოდ, „ფეისბუქის“ განცხადებით, უცხოური ან სახელმწიფო ჩარევის წინააღმდეგ სოციალური ქსელის პოლიტიკის დარღვევისთვის წაშლილია 214 პირადი ანგარიში, 35 გვერდი და 18 ჯგუფი, ასევე სოციალურ ქსელ „ინსტაგრამის“ 34 ანგარიში. აღნიშნული ყალბი ანგარიშები, ჯგუფები და გვერდები რუსეთიდან იმართებოდა და ფოკუსირებული იყო ძირითადად სირიასა და უკრაინაზე, ასევე შედარებით მცირე დოზით, თურქეთზე, იაპონიაზე, სომხეთზე, საქართველოზე, ბელარუსსა და მოლდოვაზე. ამას გარდა, აღნიშნული საქმიანობის მცირე ნაწილი მიმართული იყო დიდი ბრიტანეთისა და აშშ-სკენ.

როგორც კომპანიაში განმარტავდნენ, ყალბი ანგარიშებით იქმნებოდა გამოგონილი პირები, რომლებიც საკუთარ თავს წარმოაჩენდნენ ჟურნალისტებად ან იმ ქვეყნების ადგილობრივ მცხოვრებლებად, რომლებზეც ფოკუსირებული იყო ქსელი, უკავშირდებოდნენ მედიაორგანიზაციებს, ეწეოდნენ საკუთარი პლატფორმებისა და სხვა სოციალური ქსელების პოპულარიზაციას და ავრცელებდნენ თავიანთ კონტენტს.

აღნიშნული კამპანიის უკან მდგომი პირები ინფორმაციას მრავალ ენაზე აქვეყნებდნენ, მათ შორის ინგლისურად, უკრაინულად, რუსულად, არაბულად. ისინი ხშირად პოსტავდნენ ახალი ამბებისა და მიმდინარე მოვლენების შესახებ, მათ შორის სირიის სამოქალაქო ომის, თურქეთის საშინაო პოლიტიკის, ნატო-ს, უკრაინის ომის, ბალტიის ქვეყნებში, საქართველოში, სომხეთში, უკრაინაში, რუსეთში, ბელარუსსა და აშშ-ში პოლიტიკის შესახებ.

კომპანია „ფეისბუქში“ აღნიშნულ კოორდინირებულ საქმიანობას 2018 წლის აგვისტოში და 2020 წლის თებერვალში წაშლილ ქსელებს უკავშირებენ.

„იმის მიუხედავად, რომ აღნიშნული ოპერაციის უკან მდგომმა პირებმა გადადგეს ნაბიჯები, რათა დაემალათ საკუთარი ვინაობა და კოორდინირება, ჩვენმა გამოძიებამ ეს კლასტერები რუსეთის სამხედრო უწყებებთან, მათ შორის სამხედრო სადაზვერვო სამსახურებთან დააკავშირა“, – ნათქვამია „ფეისბუქის“ განცხადებაში, რომლებიც შესაძლოა, რუსეთის სადაზვერვო სამსახურებს აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებზე გავლენის მოსახდენად გამოეყენებინათ.

„ფეისბუქის“ მიერ გამოვლენილი კიდევ ერთი ქსელი ერთ ჯგუფს, ხუთ ანგარიშს, ერთ გვერდსა და „ინსტაგრამის“ სამ ანგარიშს მოიცავდა. მისი წარმომავლობა ასევე რუსეთიდან იყო და ის ძირითადად ფოკუსირებული იყო თურქეთსა და ევროპის ქვეყნებზე, ასევე აშშ-ზე. ამერიკული კომპანია აღნიშნული საქმიანობის უკან მდგომ პირებს რუსეთის ინტერნეტკვლევების სააგენტოს უკავშირებს, რომელიც ასევე ცნობილია „ტროლების ქარხნის“ სახელით.

„ფეისბუქის“ მიერ გამოვლენილი მესამე ქსელი ასევე წარმოშობით რუსეთიდან არის და 23 ანგარიშისგან, ექვსი გევრდისგან და „ინსტაგრამის“ რვა ანგარიშისგან შედგება. ის ორიენტირებულია გლობალურ აუდიტორიაზე და რუსეთის მეზობელ ქვეყნებზე, მათ შორის ბელარუსზე. აღნიშნულ ყალბ ანგარიშებსა და გვერდებზე ინფორმაცია ძირითადად ინგლისურად და რუსულად ქვეყნდებოდა და ეხებოდა ისეთ საკითხებს, როგორიცაა არჩევნები და საპროტესტო გამოსვლები ბელარუსში, რუსეთისა და უკრაინის პოლიტიკა, გეოპოლიტიკური კონსპირაციული თეორიები, რუსეთ-ნატოს ურთიერთობები, რუსეთის ურთიერთობები მეზობელ ქვეყნებთან, აშშ-ის საგარეო პოლიტიკის კრიტიკა, სოციალურ-ეკონომიკური საკითხებში აშშ-ში, აშშ-ის პოლიტიკური კანდიდატები. ამ საქმიანობას „ფეისბუქის“ გამოძიება რუსეთის სადაზვერვო სამსახურს უკავშირებს.

დატოვე კომენტარი