„ფეისბუქი“ კორონავირუსის შესახებ დეზინფორმაციას სოციალური ქსელიდან წაშლის. ამის შესახებ „ფეისბუქის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. როგორც სოციალური ქსელის ადმინისტრაცია აცხადებს, „წაიშლება ყველა ის პოსტი, რომელიც ცრუ ინფორმაციას ან ისეთ კონსპირაციულ თეორიებს ავრცელებს, რომელსაც ჯანდაცვის წამყვანი სპეციალისტები უარყოფენ“. „ფეისბუქის“ განმარტებით, მსგავსი დეზინფორმაციის გავრცელება „ფიზიკურ ზიანს აყენებს“ მომხმარებელს.
ეს ნაბიჯი „ფეისბუქისთვის“ უჩვეულოა, რადგან, როგორც წესი, სოციალური ქსელის ადმინისტრაცია მხოლოდ დეზინფორმაციის შემცველ მასალას შლის და არა მომხმარებელთა პოსტებს.
ფაქტების გადამოწმებაზე მომუშავე ორგანიზაცია „პოლიტიფაქტში“ აცხადებენ, რომ სოციალური ქსელებით გავრცელებულ პოსტებში მომხმარებლები კორონავირუსის წყაროს, მისი მკურნალობის საშუალებების შესახებ არასწორ ინფორმაციას ავრცელებენ.