„ფეისბუქი“ ე.წ. მეტავერსზე სამუშაოდ ევროკავშირში 10 ათას სამუშაო ადგილს შექმნის
„ფეისბუქი“ ე.წ. მეტავერსზე სამუშაოდ ევროკავშირში 10 ათას სამუშაო ადგილს შექმნის

„ფეისბუქი“ ე.წ. მეტავერსზე სამუშაოდ ევროკავშირში 10 ათას სამუშაო ადგილს შექმნის, – ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

„ფეისბუქში“ აცხადებენ, რომ მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში, „მეტავერსის“ ჩამოსაყალიბებლად, ევროკავშირის ქვეყნებში 10 ათასზე მეტი სამუშაო ადგილი შეიქმნება.

კომპანიის თქმით, ევროკავშირის ტერიტორიაზე ვირტუალური სამყაროს შექმნას ბევრი უპირატესობა აქვს, მათ შორის წვდომა დიდ სამომხმარებლო ბაზარზე, უმაღლესი ხარისხის უნივერსიტეტებზე და რაც მთავარია, ნიჭიერ ხალხზე. „ფეისბუქის“ განცხადებით, „მეტავერსს“ აქვს პოტენციალი, ხელი შეუწყოს ახალ შემოქმედებით, სოციალურ და ეკონომიკურ შესაძლებლობებზე წვდომის მიღებას, ხოლო ევროპელები პირველები იქნებიან, რომლებიც ამას შეძლებენ.

„მეტავერსი“ არის ვირტუალური სამყარო, სადაც ხალხს შეეძლებათ თამაში, მუშაობა და კომუნიკაცია საკუთარი ავატარების მეშვეობით. ინტერნეტ ტექნოლოგიების კომპანიამ უკვე დაიწყო ვირტუალური რეალობის ახალი პროგრამის ტესტირება დისტანციური მუშაობისთვის, რომელიც მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, დაესწრონ შეხვედრებს საკუთარი ავატარებითა და სპეციალური ყურსასმენის გამოყენებით.

„მეტავერსის“ შესაქმნელად „ფეისბუქმა“ 50 მილიონი დოლარის ინვესტიცია განახორციელა. მის სრულად შესაქმნელად 10-15 წელი იქნება საჭირო.

კრიტიკოსთა განცხადებით, ვირტუალურ სამყაროს შექმნის გამოცხადებით კომპანია შერყეული რეპუტაციის აღდგენას და ბოლო თვეებში მის წინააღმდეგ აგორებული სკანდალიდან ყურადღების გადატანას ცდილობს.

რამდენიმე ხნის წინ, კომპანიაში ჩატარებულმა შიდა გამოძიებამ აჩვენა, რომ „ინსტაგრამი“, რომელიც „ფეისბუქის“ მფლობელობაშია, მოზარდების ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე ცუდ ზეგავლენას ახდენს. კომპანიას საჯაროდ არ განუცხადებია აღნიშნული აღმოჩენის შესახებ, რის გამოც მომხმარებელთა და ინტერნეტ ტექნოლოგიების წარმომადგენელთა მხრიდან კრიტიკა დაიმსახურა.