ფედერიკა მოგერინი ვენესუელაში დაპირისპირებულ მხარეებს მაქსიმალური თავშეკავებისკენ მოუწოდებს
ფედერიკა მოგერინი ვენესუელაში დაპირისპირებულ მხარეებს მაქსიმალური თავშეკავებისკენ მოუწოდებს

ევროკავშირი ვენესუელაში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება. საგარეო საქმეთა და უშიშროების პოლიტიკის საკითხებში, ევროკავშირის უმაღლესმა კომისარმა, ფედერიკა მოგერინიმ „ტვიტერის“ პირად გვერდზე განაცხადა, რომ ევროპული გაერთიანება ძალადობის ნებისმიერ ფორმას გმობს.

მოგერინი მსხვერპლის თავიდან ასაცილებლად მხარეებს მაქსიმალური თავშეკავებისკენ მოუწოდებს.

ამასთან, ევროკავშირის საბჭოს ვებგვერდზე ვენესუელაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით სპეციალური განცხადება გავრცელდა, სადაც აღნიშნულია, რომ ევროპული გაერთიანება ვენესუელაში არსებულ ვითარებას დეტალურად ადევნებს თვალყურს. აქვე განმარტებულია, რომ კრიზისის აღმოფხვრის ერთადერთი საშუალება მშვიდობიანი და დემოკრატიული პროცესია.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ ევროკავშირი ვენესუელელი ხალხის და მათი დემოკრატიისკენ სწრაფვის გვერდით დგას. ამასთან, როგორც ევროკავშირის საბჭოში აცხადებენ, ევროპული გაერთიანება სამართლიანი არჩევნების გზით ვენესუელაში კანონის უზენაესობის და დემოკრატიის აღდგენისთვის ყველაფერს გააკეთებს.

ვენესუელას დროებითმა პრეზიდენტმა, ხუან გუაიდომ ნიკოლას მადუროს წინააღმდეგ ბრძოლის ფინალურ ფაზაში გადასვლის შესახებ განაცხადა და არმიას მხარდაჭერისკენ მოუწოდა.

ხუან გუაიდოს განცხადების შემდეგ დედაქალაქში გამოსვლები დაიწყო. მხარეებს შორის დაპირისპირება ამ დრომდე გრძელდება. დასავლური მედიის ინფორმაციით, დაპირისპირების დროს 52 ადამიანი დაშავდა.

ხუან გუაიდოს ლეგიტიმურობას საერთაშორისო საზოგადოების დიდი ნაწილი, მათ შორის საქართველოც აღიარებს.