ფედერიკა მოგერინი - ევროკავშირი სკრიპალის მოწამვლის საქმეზე დიდ ბრიტანეთს სოლიდარობას უცხადებს
ფედერიკა მოგერინი - ევროკავშირი სკრიპალის მოწამვლის საქმეზე დიდ ბრიტანეთს სოლიდარობას უცხადებს

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ფედერიკა მოგერინის თქმით, ევროკავშირი, ყოფილი რუსი მზვერავის სერგეი სკრიპალისა და მისი ქალიშვილის მოწამვლის საქმეზე დიდ ბრიტანეთს სოლიდარობას უცხადებს. ეს განცხადება მან ევროკავშირის საბჭოს სხდომის დაწყების წინ გააკეთა.

„დღევანდელი შეხვედრა დაიწყება დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ანგარიშით, რაც სოლსბერიში 4 მარტს მომხდარ ინციდენტს და ამ საქმის გამოძიებას ეხება. ევროკავშირი სოლიდარობას გამოუცხადებს ლონდონს. ყოველთვის მჯერა ევროკავშირის ერთიანობის“, – განაცხადა მოგერინიმ.

ამასთან, მოგერინიმ უპასუხოდ დატოვა ჟურნალისტების კითხვა, აპირებს თუ არა ევროკავშირი რუსეთის მიმართ ახალი სანქციების დაწესებას.

შეგახსენებთ, რომ სერგეი სკრიპალი, ქალიშვილთან ერთად 4 მარტს მოწამლეს. ის ამ დრომდე მძიმე მდგომარეობაშია და საავადმყოფოში რჩება.

მომხდარში დიდი ბრიტანეთის მთავრობა რუსეთს ადანაშაულებს.