ფედერიკა მოგერინი და იოჰანეს ჰანი ანკარაში თურქეთის ხელისუფლების წარმომადგენლებთან მოლაპარაკებებს მართავენ
ფედერიკა მოგერინი და იოჰანეს ჰანი ანკარაში თურქეთის ხელისუფლების წარმომადგენლებთან მოლაპარაკებებს მართავენ

საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი კომისარი ფედერიკა მოგერინი და გაფართოების საკითხებში ევროკომისარი იოჰანეს ჰანი ანკარაში თურქეთის ხელისუფლების წარმომადგენლებთან მოლაპარაკებებს მართავენ.

როგორც იოჰანეს ჰანმა განაცხადა, მოლაპარაკებების დროს პრიორიტეტული საკითხები იქნება განხილული, მათ შორის კანონის უზენაესობა და ადამიანის უფლებების დაცვა.

ევროკომისრებმა შეშფოთება გამოთქვეს თურქეთში ჟურნალისტებისა და აკადემიკოსების დაკავების გამო.

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან მევლუთ ჩავუშოღლუსთან შეხვედრის შემდეგ ფედერიკა მოგერინიმ იმედი გამოთქვა, რომ თურქეთში დაკავებულ პროქურთული პარტიის ლიდერს, ოპოზიციონერ პოლიტიკოსს სელაჰათინ დემირთაშს გაათავისუფლებენ.

შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ ანკარა არ შეასრულებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებას დემირთაშის გათავისუფლების შესახებ. თავის მხრივ, მიმდინარე თვის დასაწყისში იოჰანეს ჰანმა განაცხადა, რომ უმჯობესი იქნება, თუ ევროკავშირი თურქეთთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებებს საბოლოოდ იტყვის უარს.