ასოცირების საბჭო მიესალმა საქართველოს სავაჭრო რეორიენტაციას ევროკავშირის ბაზარზე
ასოცირების საბჭო მიესალმა საქართველოს სავაჭრო რეორიენტაციას ევროკავშირის ბაზარზე

ასოცირების საბჭო მიესალმა ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების წარმატებულ იმპლემენტაციას და საქართველოს სავაჭრო რეორიენტაციას ევროკავშირის ბაზარზე, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს სხდომაზე ყურადღება გამახვილდა სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გააქტიურებაზე.

ამასთან, აღინიშნა, რომ ევროკავშირი განაგრძობს საქართველოს მხარდაჭერას, მათ შორის სოფლის მეურნეობის სფეროს განვითარების მიმართულებით.

„ასოცირების საბჭომ დაადასტურა საქართველოს, როგორც მთავარი პარტნიორის როლი, ევროპის ენერგეტიკული უსაფრთხოების სფეროში და ხაზი გაუსვა ქვეყნის სატრანზიტო შესაძლებლობებს კასპიის ენერგორესურსების ევროპულ ბაზარზე მიწოდების კუთხით, მათ შორის სამხრეთის გაზის დერეფნის გავლით. ასოცირების საბჭო მიესალმა იმ ფაქტს, რომ საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია ტრანსკასპიური გაზსადენის პროექტის განმახორციელებელი კომპანიის თანამფლობელია.

მხარეებმა ხაზი გაუსვეს საქართველოსა და ევროკავშირს შორის სტრატეგიული კომუნიკაციის მიმართულებით წარმატებული თანამშრომლობის გაგრძელების მნიშვნელობას. ევროკავშირი მიესალმა სამოქალაქო სექტორის ჩართულობის უზრუნველყოფას საქართველოს სახალხო დამცველის შერჩევის პროცესში“,- აღნიშნულია საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.