ფედერალურმა საგამოძიებო ბიურომ არჩევნებთან დაკავშირებული მუქარის გამო მიჩიგანის შტატში ორი პირი დააკავა 

23:13, 05.11.2024

მიჩიგანის შტატში ფედერალურმა საგამოძიებო ბიურომ (FBI) ორი პირი დააკავა არჩევნებთან დაკავშირებული მუქარის გამო. ამის შესახებ ადგილობრივი მედია ავრცელებს ინფორმაციას.

მედიის ცნობით, ერთ-ერთი ეჭვმიტანილი, 25 წლის მამაკაცი დონალდ ტრამპის მკვლელობის გეგმასთან იყო დაკავშირებული. როგორც მედია წერს, აღნიშნული პირი, სავარაუდოდ, Reddit-ის პლატფორმაზე მომხმარებლის სახელით აქვეყნებდა პოსტებს – „ესროლეთ ტრამპს“. მოგვიანებით მან გამომძიებლებს უთხრა, რომ, მისი აზრით, „ყველაფერი უკეთ იქნებოდა, ტრამპი რომ მომკვდარიყო“.

ამასთან, პროკურორებმა განაცხადეს, რომ დაკავებულმა საფრთხის შესახებ შეტყობინება FBI-ის ეროვნული საფრთხის ოპერაციების ცენტრში გაგზავნა.

„მე განვახორციელებ თავდასხმას კონსერვატიული, ქრისტიანული სიბინძურის წინააღმდეგ, თუ ტრამპი მოიგებს არჩევნებს. მე მოვიპარე AR-15 ტიპის იარაღი, რათა განვაგრძო ჩემი გეგმების განხორციელება“, – აღნიშნული იყო შეტყობინებაში.

მეორე სისხლის სამართლის საქმეში 46 წლის მამაკაცს ბრალი ედება დემოკრატებთან დაკავშირებული ერთ-ერთი კომიტეტისთვის მუქარის შემცველი ტექსტების გაგზავნაში. FBI-მ მანამდე მამაკაცი გააფრთხილა, რომ მუქარის შემცველი ტექსტების გამოქვეყნებას თუ განაგრძობდა, მის წინააღმდეგ, შესაძლოა, სისხლისსამართლებრივი დევნა დაწყებულიყო.

მსგავსი